NATO-საქართველო

სააკაშვილი: ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ ყველაფერზე უარს ვამბობდით, NATO-ზეც კი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ მზად იყო, NATO-ში გაწევრიანებაზე უარი ეთქვა. ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილს თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტურ ფილმში ნათქვამი ფრაზა შეახსენა.

"ციტატას ვკითხულობ - "თუ ტერიტორიებს მოგვცემთ, ყველაფერზე უარს ვამბობდით, მათ შორის, NATO-ზეც კი. 2008 წლის დასაწყისში პირდაპირ ვუთხარი, ახლავე გიწერთ ხელს, NATO-ზეც უარს ვამბობ, ტერიტორიები დაგვიბრუნეთ, დავამყაროთ მშვიდობა" - ეს ცოტა სკანდალური ფაქტია, ანუ თქვენ თანახმა იყავით ქვეყანაში რუსული ბაზების დატოვებაზეც და NATO-ზეც უარს ამბობდით ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ?“ - ჰკითხა გვარამიამ ექსპრეზიდენტს, რასაც სააკაშვილი დაეთანხმა და უთხრა, რომ "კი, ჩემთვის ჩემი ქვეყანაა მთავარი".

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, "ჩვენ მივიღეთ ის მემკვიდრეობა, რომელიც მივიღეთ. რუსები აქ იყვნენ და იძახოდნენ... პრინციპში, რომ არ გასულიყვნენ, მათი გაყრა შეუძლებელიც იყო. ამიტომ ვეუბნებოდით". მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ამ საუბრის ამსახველი ჩანაწერები ენმ-ის თავმჯდომარეს გრიგოლ ვაშაძეს აქვს. მისივე თქმით, ეს საკითხი აქტუალური განსაკუთრებით დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მიერ კოსოვოს აღიარების შემდეგ გახდა, აქცენტი კი აფხაზეთზე კეთდებოდა.

"ცხინვალი სწრაფი ტემპებით ისედაც მიგვქონდა, საავადმყოფოებს ვაშენებდით, დისკოთეკებს ვაკეთებდით, ამას დაარქვა კარლ ბილდტმა დისკოთეკების დიპლომატია. არსი იყო ის, რომ შევურიგდით იმ ადამიანს, ვინც გვესროდა, დიმა სანაკოევს, ვაპატიეთ ერთმანეთს ყველაფერი, გავუკეთეთ მთავრობა და ვეუბნებოდით, რომ "აჰა, კაცო, ოსების მთავრობაა, თან ყოფილი სეპარატისტების, ყველაფერს გაძლევთ, ოღონდ საქართველოში, რა თქმა უნდა, რუსები არ გვინდა, ჩვენ შორის რუსები არ გვინდა". მერე რუსები აღელდნენ და მთელი ე.წ ცხინვალის მთავრობა ჩაანაცვლეს რუსი ოფიცრებით და მერე ვის უნდა მოვლაპარაკებოდი?" - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები