მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

"კოლექტიური სიბრძნე" - როგორ წარმოუდგენია სააკაშვილს დემოკრატია და მმართველობა

0 კომენტარი
ფოტო: unian

ბოლო პერიოდში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში “პირდაპირი ელექტრონული მმართველობის” შემოღებაზე ხშირად საუბრობს. მისი აზრით, პარლამენტის ფუნქციები უნდა შეიზღუდოს, ხოლო ყველა გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებმა ელექტრონულად უნდა მიიღონ. რუსთავი 2-თან ინტერვიუში სააკაშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ “ყველა ნაბიჯზე” საჭიროა ხალხის თანამონაწილეობა და “მუდმივი რეფერენდუმი”. მისი თქმით, არჩევნებიც უნდა იყოს ელექტრონული და “ხშირ-ხშირად” ჩატარდეს.

“ძალიან მარტივია - ყველა გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც შეიძლება ბელგიაში ცხოვრობს, რუსეთში ცხოვრობს… ეს იქნება მუდმივი რეფერენდუმი ყველა საკითხის. პარლამენტი პრაქტიკულად თავის ფუნქციას დაკარგავს.

ადრე ხალხი ძველ საბერძნეთში იკრიბებოდა მოედანზე, იღებდა ყველა გადაწყვეტილებას, მათ შორის, სიკვდილით სჯიდა ვიღაცეებს და ა.შ. მერე აღარ დაეტია მოედანზე, გამრავლდნენ, აირჩიეს წარმომადგენლები და ისინი იკრიბებოდნენ, ხო?” - ამბობს სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ “პირდაპირი ელექტრონული მმართველობის” შემოღებით “აბსოლუტურად პირველები ვიქნებით”.

ნიკა გვარამიას კითხვაზე - პარლამენტს აუქმებთ? - მიხეილ სააკაშვილი პასუხობს, რომ “პარლამენტი იქნება, მაგრამ პარლამენტის ფუნქციები იქნება შეზღუდული”.

“არ არის ბესელია ან თუნდაც ნებისმიერი [ხალხზე უკეთესი]. რომან გოცირიძე ყველაზე კარგი პარლმენტარია, მაგრამ რომანი არ არის უფრო უკეთესი, ვიდრე კოლექტიური სიბრძნე ხალხის” - ფიქრობს სააკაშვილი.

კითხვაზე, “კოლექტიური სიბრძნით” გაატარებდა თუ არა მწვავე რეფორმებს, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს, რომ ახლა ასეთი მკვეთრი რეფორმების გატარების აუცილებლობა არ არის.

“საჭიროა კონსერვაცია იმისი, რაც ბოლომდე არ განადგურდა და ყველა შემდგომ ნაბიჯზე საჭიროა ხალხის თანამონაწილეობა” - აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტი.

სასამართლო სისტემა

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სისტემის დაკომპლექტებასაც “პირდაპირი მმართველობის” წესით გეგმავს. მისი აზრით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და გენერალური პროკურორი ხალხმა ელექტრონულად უნდა აირჩიოს.

“ყველაფრის არჩევნები და გადაწყვეტილებები იქნება ელექტრონულად. უზენაესი სასამართლოს თავმჯომარეს აირჩევენ ელექტრონულად. ყველა დანარჩენი წევრი უნდა იყოს ინგლისელი, ჰოლანდიელი, ამერიკელი... 15-20 წელი მაინც ასე უნდა იყოს. პლუს, საბოლოო ინსტანცია კომერციულ დავებზე იქნება ლონდონის უმაღლესი სასამართლო, ლაზიკაზე ესე გვქონდა.

ქვედა ინსტანციებში, როგორც მანქანის მძღოლი რომ არღვევს წესებს და 5-6 შეცდომა რომ აქვს, ისე იქნება. ათი განაჩენი რომ შეეცვლება ჰოლანდიელი ან ბრიტანელი მოსამართლის მიერ, მოსამართლე ავტომატურად წავა სახლში. ამას გადაწყვეტს არა იუსტიციის საბჭო, არა ვიღაც ახალი წულუკიანი, არამედ ხალხი დანიშნავს” - ამბობს სააკაშვილი.

რას გააკეთებს პარლამენტი

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თავის ფუნქციას “პრაქტიკულად დაკარგავს”.  მისი თქმით, პარლამენტის ფუნქციები იქნება შეზღუდული.

“პარლამენტი იმუშავებს უფრო რთულ კანონებზე, როგორიც ბიუჯეტია ანუ რაც ელექტრონული კენჭისყრით ვერ გადაწყდება” - თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისი აზრით, მოსახლეობა “პირდაპირ ელექტრონულ მმართველობას” კარგად მოერგება.

“როცა ამაზე ვლაპარაკობ, ბევრი მეუბნება, ხალხი ამას ვერ მიხვდებაო, მაგრამ ქუთაისელმა ტაქსისტმა ძალიან კარგად აუხსნა აუხსნა ჩემს მეგობარს, რა არის პირდაპირი ელექტრონული მმართველობა” - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები