თბილისის მერია

კალაძე ხაბეიშვილზე: მომავლის პოლიტიკოსი ხომ იცით, ვინ არის, იმან დაარქვა, ჰოლანდიაში რომაა

თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძე ენმ-ის წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ გურამიშვილის გამზირზე 12-სართულიანი კორპუსი უკანონოდ შენდება. 

კალაძემ ხაბეიშვილი ირონიული ტონით მოიხსენია, როგორც მომავლის პოლიტიკოსი, შემდეგ კი თავის მოადგილეს, მაია ბითაძეს სთხოვა გურამიშგილზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ განმარტების გაკეთება. 

"მომავლის პოლიტიკოსმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ კონკრეტულ მისამართზე, სკვერში თითქოს იჭრება ხეები, იმისთვის, რომ აშენდეს 12-სართულიანი კორპუსი. მომავლის თაობის პოლიტიკოსი იცით ხომ ვინ არის? იმან დაარქვა მომავლის თაობის პოლიტიკოსი, ჰოლანდიაში რომ არის. განმარტება რომ გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით, რა ხდება? მეც მაინტერესებს". 

მაია ბითაძემ თქვა, რომ გურამიშვილის გამზირზე სანიტარული ჭრები მიმდინარეობს. 

"ბატონი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც იმყოფებოდა სკვერში და მიუთითებდა იმაზე, რომ სკვერში უნდა აშენდეს 12-სართულიანი კორპუსი, რაზეც ასევე სპეციალური ზონალური შეთანხმებით, 12 სართულამდეა გაზრდილი მოცულობა და იჭრება ხეები, ვფიქრობ, არის ნამდვილად სირცხვილი.

კადრებში ასახული იყო სანიტარული ჭრები, რომელსაც აქტიურად ახორციელებს მუნიციპალიტეტი იმისთვის, რომ დაავადების კერები აღმოვფხვრათ", - თქვა ბითაძემ. 

ლევან ხაბეიშვილის თქმით, გურამიშვილის 28 ნომერში 12-სართულინი კორპუსის მშენებლობა კანონდარღვევით მიმდინარეობს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ აქ მრავალსართულიანი შენობის აგება არსებულ ნორმებს ეწინააღმდეგება. ხაბეიშვილი ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული ჯანსაღი ხის მოჭრაზეც საუბრობს.

კომენტარები