ია კერზაიას საქმე

ია კერზაიას შვილი საქმეში დაზარალებულად ცნობას უშუალოდ მთავარ პროკურორს სთხოვს

0 კომენტარი
ბაჩანა შენგელი ფოტო: რუსთავი 2

ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ პროკურატურას არ უნდა მას საქმის მასალებთან წვდომა ჰქონდეს. სწორედ ამას უკავშირებს საგამოძიებო უწყების უარს, საქმეში მისი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ჩართვის შესახებ. ტაბულასთან საუბარში შენგელია ამბობს, რომ გამოძიება სწორი გზით და ეფექტურად არ მიდის. მან დღეს შეიტანა საჩივარი მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის სახელზე, სადაც უარის გადახედვას და დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას უშუალოს მას სთხოვს. 

"არგუმენტი, რომ სანამ არ გამოიკვეთება ქმედება, დაზარალებულად ვერ მცნობენ, არის უსაფუძვლო. ქმედება თვითონ უნდა გამოკვეთონ. შესაბამისად, თავიანთი უმოქმდედობა ან არაეფექტური მოქმედება არგუმენტად არ გამოდგება. თუ არ გამოკვეთეს, არასდროს არ გამოიკვეთება. ყველა დოკუმენტი აქვთ ამისთვის და ძალიან ბევრი დროც ჰქონდათ, ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მე არ მქონდეს საქმის მასალების გაცნობის საშუალება. რომ გავაკონტროლო საქმის მიმდინარეობა. რა ქმედების გამოკვეთაზეა საუბარი, როცა განათლების მინისტრი, მთავარი ეჭვმიტანილი ამ საქმეში დაკითხული არ ჰყვათ 4 თვის თავზე. არ უნდათ წვდომა მქონდეს საქმის მასალებთან, ზუსტად იმიტომ, რომ არ მიდის გამოძიება სწორი გზით და ეფექტურად," - ამბობს შენგელია. 

ტაბულასთან საუბრისას შენგელია ასევე ამბობს, რომ პროკურატურის უარი დაზარალებულად ცნობის თაობაზე კანონს არ ემყარება და პროკურატურის პასუხი სრულიად დაუსაბუთებელია. შენგელია ამბობს, რომ პროკურატირას მისთვის საქმის მასალების გაცნობა დაზარალებულად ცნობის გარეშეც შეუძლია, თუმცა ამას არ გააკეთებენ, რადგან საქმის გაჭიანურება უნდათ.  

"კანონში წერია, რომ იმ დანაშაულის საქმეზე, სადაც ადამიანი გარდაიცვალა, უნდა ჩაერთოს პირი, უფლებამონაცვლე, დანაშაული დადგა, დაწყებულია გამოძიება, თუ მიზეზობრივ კავშირს არ დაადგენენ არასოდეს, მაშინ არასდროს ჩამრთავენ. მათივე არაეფექტურობა არ შეიძლება იყოს არგუმენტი და ეს იყო სრულიად დაუსაბუთებელი პასუხი. არავის მიმართ ბრალი არ აქვთ წარდგენილი, არ ჰყავთ გამოკითხული მთავარი მოქმედი პირები. თუ არ ჩამრთავენ, სულ ბუნდოვანი წარმოდგენა გვექნება ამ საქმეზე და უნდა ვიმკითხაოთ ვინმე დაკითხეს , რამე გააკეთეს თუ არა. ბუნებრივია უფრო კომფორტულად იქნებიან, როცა მათ არავინ მოთხოვს კონკრეტულ ქმედებებზე რაიმე ანგარიშს. საქმის გაცნობის უფლება მე რომ მომცენ, ვნახავ ვინ რა გააკეთა, რა მოიმოქმედა, რა ჩვენება მისცა და ზუსტად ამის დასაბლოკად სჭირდებათ, თორე ეს სტატუსი რაიმე განსაკუითრებულ პრივილეგიას კი არ მანიჭებს. თუ უნდათ ნუ ჩამრთავენ დაზარალებულად და საქმე გამაცნონ, ეს ხო შეუძლიათ, მაგრამ არ გააკეთებენ, რადგან უნდა იძახონ რომ მიმდინარეობს გამოძიება," - ამბობს შენგელია ტაბულასთან საუბრისას. 

ია კერზაიას შვილს პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე უარი გუშინ უთხრა. დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კერზაიას რომელიმე ნათესავს დაზარალებულად ვერ ცნობენ, სანამ სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება. 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. ის სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები