შენგელია: ევროპარლამენტი შეშფოთებულია საქმის გამოძიების ტემპებით, მნიშვნელოვანი გზავნილია

ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ევროპარლამენტარების მიერ მამუკა ბახტაძისათვის მიწერილ წერილს ეხმიანება. შენგელია ამბობს, რომ დედამისის გარდაცვალების საქმე პოლიტიკურია და ევროპარლამენტის  შეშფოთება ამ საქმის გამოძიების ტემპებით, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. 

11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართეს და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, საქმის გამოძიებისკენ მოუწოდეს. 

"ამ საქმეს ზოგადად პოლიტიკური მოტივი აქვს იმიტომ, რომ ეს საქმე არის თვითონ პოლიტიკური და პოლიტიკურ მიზანს ემსახურება და იმ მე-6 სკოლის ინსპექტირება და ეს სადამსჯელო ღონისძიება, შესაბამისად ეს საქმე ცალსახად არის პოლიტიკური და მე იმედს ვიტოვებ, რომ პროკურატურა არ ჩაებმება ამ პოლიტიკურ ინსინუაციებში, დაიწყებს უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. სამწუხაროდ ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ უკვე ევროპარლამენტი და ჩვენი უცხოელი პარტნიორები არიან დაინტერესებული და შეშფოთებული ამ საქმის გამოძიების ტემპებით და უპრეცედენტოა. მე პირადად არ მახსენდება, როცა თეთრმეტმა ევროპარლამენტარმა 6 სხვადასხვა პარტიიდან პროკურატურას როდის მოუწოდა ბოლოს, რომელ საქმეზე გამოძიების წარმოება, შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია,“ - თქვა ბაჩანა შენგელიამ.

აღსანიშნავია, რომ ბაჩანა შენგელიას პროკურატურა საქმეში დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნება. შენგელია ამბობს, რომ პროკურატურას არ უნდა მას საქმის მასალებთან წვდომა ჰქონდეს, რადგან გამოძიება არასწორი გზით და არაეფეტურად მიმდინარეობს, სწორედ ამით ხსნის ის პროკურატურის უარს. 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. ის სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

კომენტარები