OSGF: 68.8%-ის აზრით, თანამდებობის პირები ძალაუფლებას პირადი სარგებლის მისაღებად იყენებენ

benjielayug.com

ღია საზოგადოების ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 68.8% მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები ძალაუფლებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით იყენებენ.

მოსახლეობის 58.6%-ს სჯერა, რომ თანამდებობის პირები თანხის სანაცვლოდ მფარველობენ ბიზნესს. კითხვაზე - შეუშლის თუ არა ხელს დიდი ბიზნესის წარმატებას მისი მფლობელის მიერ ოპოზიციური პარტიის დაფინანსება - მოსახლეობა ასე პასუხობს:

  • ძალიან შეუშლის - 26,4%
  • მეტნაკლებად შეუშლის - 36%
  • არცთუ ისე შეუშლის - 10,2%
  • საერთოდ არ შეუშლის - 5,6%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 21,8%.

საქართველოს მოსახლეობის 77.2% მიიჩნევს, რომ მთავრობის წევრებს საკუთარი ბიზნესი აქვთ. ამასთან, მთავრობის წევრის მიერ თანამდებობის პარალელურად ბიზნესის ფლობას მოსახლეობის 68.5% "დიდ" ან "არცთუ ისე დიდ" პრობლემად აფასებს.

კითხვაზე - დასაქმების ვის უფრო მაღალი შანსი აქვს: კანდიდატს შესაბამისი უნარებით თუ მინისტრის ნათესავს ნაკლები უნარებით - მოსახლეობის 68.8 % პასუხობს, რომ მაღალჩინოსნის ნათესავს.

კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2.9%-ია, თუმცა, ღია საზოგადოების ფონდის ინფორმაციით, თითოეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს.

საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

კომენტარები