ფარული ჩანაწერები

"ვოლსკები და ტრიპოლსკები დამიპირისპირდნენ" - სავარაუდოდ ხაბაძე გადადგომაზე საუბრობს

არჩილ ხაბაძე
facebook.com

ტელეკომპანია პირველმა ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ტელეფონით უყვება თანამოსაუბრეს, რატომ გაუშვეს თანამდებობიდან. TV პირველს დაახლოებით ერთსაათიანი ჩანაწერი ქართული ოცნების ყოფილმა მხარდამჭერმა არჩილ გვიანიძემ მიაწოდა. მას Facebook-ის მთავარ ფოტოდ დღემდე ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებული სურათი უდევს. გვიანიძის აზრით, ივანიშვილი გუნდის ტყვეობაშია და "არ იცის ყველა დეტალი, გუნდი რასაც ეუბნება, ეს სჯერა". ის ირწმუნება, რომ სხვა დოკუმენტებსაც გაასაჯაროებს.

ჩანაწერში სავარაუდოდ არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ მას "პარტიის ვოლსკები და ტრიპოლსკები" დაუპირისპირდნენ და თქვეს, "ხაბაძის რეიტინგი დაბალიაო".  ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, სავარაუდოდ არჩილ ხაბაძის თქმით, ვოლსკის და ტრიპოლსკის "ბიზნესები უნდოდათ აქ და მე ჩავჩეხე, მივჩეხე, მოვჩეხე".

"ბიძინას რომ ველაპარაკე, ბათუმში დაბალი [რეიტინგი] გაქვსო. რატომ მაქვს მეთქი ბათუმში დაბალი, ქობულეთში ნორმალური და ზედა რეგიონებში ძაან მაღალი, იმიტომ რომ ერმაკოვი შემოგვტენეს, არ მემორჩილება, აკეთებს მისებურად - მეთქი. ბათუმი მთავარიაო და ეს იყო მიზეზი, ბიძინას რომ ველაპარაკებოდი, ეფექტურობა უნდა გავზარდო აჭარაშიო, მერე დამეთხვა ბულვარის თემაც და" - ისმის ჩანაწერში.

სავარაუდოდ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ "არაა გამორიცხული, მაგის ნაჩალიჩარი იყოს, თვითონ პატარაძის, მისი უკანა ფლანგებით".

TV პირველთან საუბარში არჩილ ხაბაძე ჩანაწერის ავთენტურობას არც ადასტურებს და არც უარყოფს. მისი თქმით, ხმას ვერ ცნობს, თუმცა, "შეიძლება, არის ჩემი ხმა". ხაბაძე ამბობს, რომ ის 3-4 ადამიანს ესაუბრა ტელეფონით და ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

"ჩემი წასვლის შემდეგ ბევრი ცდილობდა რაღაცეების გარკვევას, მათ შორის იყვნენ პროვოკატორების მსგავსი პიროვნებები და მათი აქტიურობა ჩემთან მიმართებით მაინტერესებდა... ვაფიქსირებდი იმას, რომ ადრესატამდე მისულიყო ის, რაც მათთვის იქნებოდა საინტერესო, მცდარ ინფორმაციას ვაწვდიდი, რამდენიმე იყო, ამ პიროვნებასაც ვერ ვცნობ, იმ 3-4-დან იქნება, ის 3-4 პიროვნება, ვინც დავაფიქსირე, ყველა ერთი ნარატივით იყო. რაღაც პროვოკაციული მომენტი იყო, მაინტერესებდა ზუსტად ეს, რომ რაღაც დაძაბულობა შემეტანა, ამათმა ეს ინფორმაციები რაც მოიტანეს, მე დავადასტურე, ზუსტად ის მაინტერესებდა, ამათ რა აინტერესებდათ" - უთხრა ხაბაძემ TV პირველს და განმარტა, რომ გია ვოლსკის მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

"ყოველთვის მეკითხებოდნენ ბატონი გიას პოზიციაზე, არ ვიცი, აქ იყო მსჯელობები, რა შეიძლება ყოფილიყო გადადგომის მიზეზი, ცრუ ინფორმაცია მივაწოდე იმიტომ, რომ ადრესატამდე რომ მივიდოდა, [მაინტერესებდა] რა გამოვიდოდა, საჭირო იყო იმ მომენტისთვის მისი სახელის გამოყენება" - ამბობს ხაბაძე.

პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლსკის თქმით კი, არჩილ ხაბაძე აუცილებლად უნდა გამოვიდეს და გააკეთოს განცხადება.

"თქვენ რასაც მასმენინებთ, რაღაც მოგონილი თემაა, არავითარი კომერციული ინტერესი არ გამაჩნია, ვუშვებ, რომ რაღაც პროვოკაცია მართლაც მოხდა და არჩილ ხაბაძე შეცდომაში შეიყვანეს" - აღნიშნა ვოლსკიმ TV პირველთან საუბარში.

არჩილ ხაბაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 2016 წლის ივლისში დატოვა. მან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. ხაბაძე მაშინ ზურაბ პატარაძემ შეცვალა.

კომენტარები