უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2019

ზელესკი პოროშენკოს დებატების სტადიონზე გამართვას სთავაზობს, მოქმედი პრეზიდენტი თანახმაა

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ, უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს დებატების გამართვა სტადიონ "ოლიმპიკზე" შესთავაზა. 

ვიდეომიმართვში, რომელიც ზელენსკის facebook გვერდზე გამოქვეყნდა, კანდიდატმა დებატებისთვის პოროშენკოს წინაპირობაც წაუყენა. მისი თქმით, დებატები უნდა გაიმართოს სტადიონზე და ის პირდაპირ ეთერში ყველა ტელეარხმა უნდა აჩვენოს.

"კანდიდატებმა აუცილებლად უნდა გაიარონ სამედიცინო ექსპერტიზა და დაუმტკიცონ ხალხს, რომ ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე დამოკიდებულები არ არიან. ქვეყანას ჯანმრთელი პრეზიდენტი სჭირდება.

უკრაინის მოქალაქეთა მესამედის მიმართ პატივისცემის ნიშნად, თქვენ უნდა განაცხადოთ საჯაროდ, რომ დებატებს გამართავთ არა კრემლის ან კოლომოისკის მარიონეტთან, არა ჯამბაზთან, არამედ პრეზიდენტობის კანდიდატ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან," – ამბობს ზელენსკი.

ზელენსკიმ პოროშენკოს მოსაფიქრებლად 24 საათი მისცა. 

საპასუხოდ, პეტრო პოროშენკომაც გამოაქვენა ვიდეო, სადაც ამბობს რომ გამოწვევას იღებს და დებატებზე თანახმაა. 

"დებატების წესები გაწერილია საარჩევნო კანონმდებლობაში, თუ შეიძლება წაიკითხეთ. დებატები უნდა გაიმართოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ბაზაზე და მისი ტრანსლაცია სხვა ტელეკომპანიებს შეუძლიათ, მაგრამ თუ სტადიონი გსურთ, იყოს სტადიონი. გელოდებით ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ",- ამბობს პოროშენკო.

პოროშენკომ ოპონენტთან განსხვავებაზეც ისაუბრა. მისი თქმით უკრაინა ძლიერი ევროპული ქვეყანაა, რომელიც "არავის წინაშე არ დაიჩოქებს. 

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ვლადიმირ ზელენსკი და პერტოპოროშენკო დაუპირისპირდებიან.  

კომენტარები