ქართული კულტურის უძველესი ძეგლები

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი: დაღესტანში აღმოჩენილ ხელნაწერზე 2014 წლიდან გვაქვს ინფორმაცია

Facebook / ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამოეხმაურა რუსულენოვანი წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაღესტნის რესპუბლიკაში ხელნაწერების გაციფრულების პროცესში VI საუკუნეში ქართული დამწერლობა ასომთავრულით შესრულებული სახარების ტექსტი აღმოაჩინეს. 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ცნობით, ეს ინფორმაცია მათთვის 2014 წლიდან არის ცნობილი. ცენტრის ცნობით, ამ ხელნაწერზე სტატია 2016 წელს ენათმეცნიერმა, პროფესორმა, თეიმურაზ გვანცელაძემ და ფილოლოგიის დოქტორმა, გვანცა გვანცელაძემ გამოსცეს. 

"ცხადია, ინფორმაცია ხელნაწერის შესახებ ჰქონდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსაც. ცენტრმა 2014 წლიდან დაიწყო მოლაპარაკეკები, რათა მეცნიერებს საშუალება ჰქონოდათ ჩასულიყვნენ დაღესტანში და ადგილზე შეესწავლათ ხელნაწერი,"- წერია ეროვნული ცენტრის განცხადებაში. 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წელს დაღესტნის ქალაქ მახაჩკალაში ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განწყობილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი დალი ჩატუნაშვილი მივლინებით იმყოფებოდა. ცენტრის ცნობით, მეცნიერმა ხელნაწერი შეისწავლა და დაადგინა, რომ პალიმფსესტის ქვედა ფენა არის სახარება, რომელიც სრული ტექსტოლოგიური კვლევის დასრულებამდე VI-VII საუკუნეებით შეიძლება, დათარიღდეს. 

"ამ ეტაპზე ხელნაწერის ტექსტი მთლიანად იდენტიფიცირებული და გადმოწერილია. აღსანიშნავია, რომ ხელნაწერი მზადდება გამოსაცემად,"- წერია განცხადებაში. 

3 მარტს ტაბულამ რუსულენოვან კულტურაზე მომუშავე მედიებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღესტნის რესპუბლიკაში ხელნაწერების გაციფრულების პროცესში რესპუბლიკის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა ქართულ დამწერლობაზე შესრულებული უძველესი მანუსკრიპტი აღმოაჩინეს. დაღესტანელი მკვლევარები ამბობდნენ, რომ ძეგლი VI საუკუნეში ასომთავრულით შესრულებული სახარებაა. 

თავდაპირველად დაღესტანელი მკვლევარები არ ელოდნენ, რომ ერთის ნაცვლად ორ უძველეს მანუსკრიპტს აღმოაჩენდნენ. ჩვეულებრივი ხელნაწერი სხვა იშვიათი ეგზემპლარებისგან, ერთი შეხედვით, არაფრით გამოირჩეოდა. თუმცა, XI საუკუნის არაბულ დამწერლობაზე შესრულებულ ნაწერების უკან მათ უფრო ძველი ხელნაწერიც აღმოაჩინეს. 

"როგორც წესი, ჩვენ ხელნაწერებს ქაღალდის ხარისხით, სიძველითა და კალიგრაფიით ვათარიღებთ. და აქ ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ ეს ფურცელი არ ჰგავდა არცერთ იმ ფურცელს, რომელსაც ჩემი მუშაობის 20 წლის განმავლობაში შევხვედრილვარ. ის სხვა სტრუქტურის იყო,"- ყვება ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი შამილ შიხალიევი. 

მოგვიანებით შიხალიევმა აღმოაჩინა, რომ მის ხელში პალიმფსესტი აღმოჩნდა - ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც პერგამენტზე შესრულებულ ხელნაწერს გადარეცხავდნენ ხოლმე, რათა ზემოდან ახალი ტექსტი დაეწერათ. უძველეს პერიოდში ამ მეთოდს იძულებით მიმართავდნენ, რადგან ტექსტების დასაწერად კარგი ხარისხის მატერიის შოვნა ძალიან რთული იყო.

აღმოჩენა უნიკალურია თავისთავად, რადგან ეს პირველი მსგავსი ხელნაწერია, რომელიც დაღესტანში აღმოაჩინეს, თუმცა ეს არამხოლოდ მათთვის, არამედ საქართველოსთვისაც არის ღირებული. ხელნაწერი VI საუკუნეში ასომთავრულით შესრულებული სახარება აღმოჩნდა. ეს ნამუშევარი ქართული კულტურის სხვა ძეგლების გვერდით მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. 

"ჩვენ გვქონდა სხვადასხვა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დაღესტანელ ხალხს იმიერკავკასიელ ხალხთან კონტაქტი ჰქონდა, კერძოდ, ამის შესახებ მტკიცებულებები ეთნოგრაფიულ და არქეოლოგიურ მასალებში იძებნება. და ეს აღმოჩენაც, ეს ხელნაწერიც, შესრულებული ქართულ ენაზე, კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს ამას," - ამბობს შამილ შიხალიევი. 

კომენტარები