ევროპული საქართველო

ხოშტარია: NATO 70 წლის გახდა - ემოციურადაც და პრაგმატულადაც ჩვენი ადგილი ამ ოჯახშია

ელენე ხოშტარია

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია, რომელიც 2007-12 წლებში ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, NATO-ს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს. 

ხოშტარია NATO-სთან ურთიერთობაში თავის გამოცდილებას იხსენებს და წერს, რომ როდესაც იქ პირველად ჩავიდა, "ბავშვური" ემოციები ჰქონდა, თითქოს ამერიკულ კინოში "კეთილების" მხარეს მოხვდა. 

"პირველკლასელი ბავშვი რომ მასწავლებელს თვალებში შესციცინებს ეგრე ვიყავი. ოღონდ აზრზე არ ვიყავი ან ერთი დერეფნიდან მეორეში როგორ გავსულიყავი, ან კაფეტერიაში საჭმელი როგორ ამეღო, დავდიოდი ასე ბედნიერ-დაბნეული. შეხვედრებზე ყველა სიტყვას ბეჯითად ვიწერდი, გვარების დამახსოვრებაში ვირჯებოდი,"- წერს ხოშტარია. 

დეპუტატის თქმით, შემდეგ ჩასვლაზე უკვე "სახლში ვარ" განცდით დადიოდა დერეფნებში, გამვლელებს ესალმებოდა, როგორც ნაცნობი.

"ნუ, რომ ჩავდიოდი დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველო სამყაროს ცენტრია და ყველა ვალდებულია იცოდეს ქართული სოფლები, პოლიტიკოსების გვარები (როგორც შალვა ნათელაშვილმა თქვა, რომ ვიტყოდი, ყველაფერი ნათელი უნდა ყოფილიყო).

დროთა განმავლობაში ნათელაშვილი არ ვიცი და ქართული პრობლემატიკა კი გახდა ორგანული ნაწილი ნატო-ს დერეფნებისა და კაბინეტების.

ნუ, მერე წლების განმავლობაში ეს ემოციები დაცხრა და საქმიან ინტენსიურ ურთიერთობებში გადაიზარდა. იყო რუსეთის ემბარგო, ომი, ნატოს სამხედროები საქართველოში, ჩვენები იქ. მთავარი, რაც ამ ყველაფრიდან გამოვიტანე არის, რომ ფასეულობები, თავისუფლება, ადამიანის ღირსება, უბრალოდ, ტრიბუნასთან საყვირალი სიტყვები არ არის და მათ არსებობას აწყდები ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში მიმავალ გზაზე, დერეფანში, შეხვედრებზე, კომიტეტებზე და ყველგან. რომ ურთიერთობებში ქვეყნებს შორის ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი ბაზაა. რომ ქვეყანა საკუთარ თავს პატივს უნდა სცემდეს და ამით სხვების პატივისცემასაც დაიმსახურებს.

მოკლედ, ეს ის ოჯახია, სადაც ემოციურადაც და პრაგმატულადაც ჩვენი ადგილია,"- წერს ხოშტარია. 

კომენტარები