საპრეზიდენტო არჩევნები 2018

პრემიერი: ევროპარლამენტში ბევრი მეგობარი გვყავს, მათი რჩევები ჩვენთვის მნიშვნელოვანია

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ევროპარლამენტარების წერილებს გაეცნო. მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიგინგზე პრემიერმა თქვა, რომ "საქართველოს ევროპარლამენტში ჰყავს ბევრი მეგობარი და მათი რჩევები და რეკომენდაციები არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი".

"წერილი ეყრდნობოდა ეუთოს დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით. ყველამ ვიცით ეუთოს დასკვნა და მასში აღწერილი გარემო. მათ შორის, დასკვნაში აღნიშნულია ერთმნიშვნლოვნად, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ და სტაბილურ გარემოში და ის გამოხატავდა ქართველი ერის არჩევანს. ასევე იყო ხარვეზები, გვაქვს რეკომენდაციები, ჩვენი საპარლამენტო გუნდი მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე. ერთერთი ყველაზე დიდი ხარვეზი, რომელიც იყო, ეს გახლავთ უკიდურესად პოლარიზებული გარემო, რომელიც ნამდვილად არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიისთვის. ხელისუფლება ყოველთვის იყო, არის და იქნება მზად დიალოგისთვის, მაგრამ როცა ვსაუბრობთ პოლარიზაციაზე, ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს და დღესაც კარგად ხედავს, საიდან მოდის ეს ინიციატივები, დიახ, პოლარიზაცია ცუდია და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ იმ განცხადებებისგან, რომელმაც შეუძლება გამოიწვიოს კიდევ მეტი პოლარიზაცია" - თქვა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალებას, პრემიერი ამას "ადამიანურ ტრაგედიას" უწოდებს.

"მესმის, რომ საზოგადოებაში ძალიან დიდი ინტერესია, გაირკვეს თითოეული დეტალი. ამავე დროს, მოვისმინეთ მინისტრის კომენტარი, ის ყოველთვის მზად არის, საზოგადოებას უპასუხოს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და მესმის, რომ საზოგადოების ინტერესია, რაც შეიძლება დროულად მოხდეს გარკვევა და გამოძიების შედეგების დადგენა. აქვე ისიც მინდა ვთქვა, წამზომზე აპელირება იმის ფონზე, რომ გვინდა რეალური შედეგი მივიღოთ, შეიძლება არ იყოს სწორი მიდგომა. გვინდა თითოეული დეტალი და ნიუანსი გაირკვეს, საგამოძიებო ორგანოებმა იციან ამის შესახებ და დარწმუნებული ვარ, თავის პროფესიულ მოვალეობას უმაღლეს დონეზე შეასრულებენ" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

ევროპარლამენტარები ეუთო/ოდირისა და ISFED-ის ანგარიშებზე დაყრდნობით საქართველოში 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდს აფასებენ და ხაზს უსვამენ არაერთ საარჩევნო დარღვევას, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ხისტ წინასაარჩევნო რიტორიკასა დასაჯარო მოხელეებისა თუ სახელმწიფო დახმარებაზე მყოფი ჯგუფების დაშინებას. ასევე, ევროპარლამენტარები ფედერიკა მოგერინის მოუწოდებენ, რომ მმართველ გუნდზე ზეწოლა განახორციელოს, რათა ისინი ოპოზიციასთან შინაარსობრივ დიალოგში შევიდნენ და საქართველოში არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით 2024 წლის ნაცვლად, 2020 წელს ჩატარდეს.

კომენტარები