ბახტაძე კერზაიას საქმეზე: წამმზომზე აპელირება არ არის სწორი მიდგომა

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალებას "ადამიანურ ტრაგედიას" უწოდებს. ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ევროპარლამენტარების წერილს გამოეხმაურა - ისინი პრემიერს ია კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

"მესმის, რომ საზოგადოებაში ძალიან დიდი ინტერესია, გაირკვეს თითოეული დეტალი. ამავე დროს, მოვისმინეთ მინისტრის კომენტარი, ის ყოველთვის მზად არის, საზოგადოებას უპასუხოს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და მესმის, რომ საზოგადოების ინტერესია, რაც შეიძლება დროულად მოხდეს გარკვევა და გამოძიების შედეგების დადგენა. აქვე ისიც მინდა ვთქვა, წამზომზე აპელირება იმის ფონზე, რომ გვინდა რეალური შედეგი მივიღოთ, შეიძლება არ იყოს სწორი მიდგომა. გვინდა თითოეული დეტალი და ნიუანსი გაირკვეს, საგამოძიებო ორგანოებმა იციან ამის შესახებ და დარწმუნებული ვარ, თავის პროფესიულ მოვალეობას უმაღლეს დონეზე შეასრულებენ" - თქვა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ "საქართველოს ევროპარლამენტში ბევრი მეგობარი ჰყავს, მათი რჩევები და რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართეს და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, საქმის გამოძიებისკენ მოუწოდეს. 

ევროპარლამენტარები ეუთო/ოდირისა და ISFED-ის ანგარიშებზე დაყრდნობით საქართველოში 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდს აფასებენ და ხაზს უსვამენ არაერთ საარჩევნო დარღვევას, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ხისტ წინასაარჩევნო რიტორიკასა და საჯარო მოხელეებისა თუ სახელმწიფო დახმარებაზე მყოფი ჯგუფების დაშინებას.

თუმცა 11 ევროპარლამენტარი განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც გარდაცვლილი ია კერზაიას საქმეზე ამახვილებს და წერს, რომ საქართველოსა და მისი დემოკრატიული მომავლის საუკეთესო ინტერესებშია, რომ კერზაიას საქმე დაუყონებლივ და სრულფასოვნად იყოს გამოძიებული, დამნაშავეები კი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ. 

"ჩვენ, წერილზე ხელისმომწერი ევროპარლამენტის წევრები, გწერთ, რათა მოგიწოდოთ იმ საქმის სწრაფი და სრულყოფილი გამოძიებისკენ, რომელიც ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიაზე პოლიტიკურ ზეწოლას მოიცავს, რათა განიმარტოს ის მიზეზები, რამაც 2018 წლის 9 დეკემბერს მისი სიკვდილი გამოიწვია.

ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე დღით ადრე იქამდე, სანამ ია კერზაიას ინსულტის შეტევა დაემართებოდა, მან საჯაროდაც განაცხადა და, ასევე, მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, რომ მაშინ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატისა და აწ უკვე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, კამპანიაში ჩართვის მოთხოვნით მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. 

თბილისში დაარსებული არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაცია ISFED (საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისთვის) ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ის გარემოებები, რაც თან ახლდა 2018 წლის ნოემბერში ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში ინსპექციის შესვლას აღვიძებს ეჭვებს, რომ ეს ინსპექტირების მექანიზმი საპრეზიდენტო არჩევნებზე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს და ეს იყო დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევა.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2018 წელს 7 სკოლაში ჩაატარა ინსპექტირება, რომელთაგანაც 6 ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის ჩატარდა, მათ შორის ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში. უფრო მეტიც, ია კერზაიას ოჯახის ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზუგდიდში 2 ინსპექტორი გაგზავნა მას შემდეგ, რაც სკოლის დირექტორმა სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. ინსპექტორებმა თავიანთი დასკვნა 2 კვირის შემდეგ გამოაქვეყნეს, სადაც სკოლის სამეურვეო საბჭოს კერზაიას გადაყენების რეკომენდაციით მიმართავდნენ. 

როგორც იცით, ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარი იყო იმაზე, რომ "კამპანია ხისტი რიტორიკით იმართებოდა" და "ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ზრდამ სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვარი შეუმჩნეველი გახადა". კიდევ ერთი რამ, რაც შეშფოთებას იწვევს, არის იმავე ანგარიშში ნახსენები ფაქტები, რომ "ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის არაერთი წევრი აცხადებდა, რომ მმართველი პარტია ამ მექანიზმს ზეწოლითა და დაშინებით იყენებდა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისა და სახელმწიფო დახმარებაზე მყოფი ჯგუფების მიმართ". 

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში ნახსენებ ყველა ხარვეზს გამოასწორებს. გვჯერა, რომ საქართველოსა და მისი დემოკრატიული მომავლის საუკეთესო ინტერესებშია, რომ ია კერზაიას საქმე ქვეყნის პროკურატურამ და სასამართლო ხელისუფლებამ დროულად და ყოვლისმომცველად გამოიძიოს, რათა დამნაშავეები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ასევე უნდა განმარტოს სკოლის ინსპექტირების სტანდარტები და მეთოდოლოგია და წინასაარჩევნო პერიოდში ამის გამოყენებისგან თავი შეიკავოს. 

ჩვენ, ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრები, საქართველოს მთავრობის მხრიდან ველოდებით იმის უზრუნველყოფას, რომ მომდევნო საარჩევნო კამპანიის დროს არცერთი საჯარო მოხელე არ გახდება რაიმე სახის ზეწოლის სამიზნე და ამასთან დაკავშირებით, გვჯერა, რომ ია კერზაიას საქმის ირგვლივ არსებული გარემოებების განმარტება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია," - წერია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ევროპარლამენტარები - ანა გომეში (S&D), მაიკლ გალერი (EPP), რებეკა ჰარმსი (Greens, EFA), ნატალი გრისბეკი (ALDE), ჯული უორდი (S&D), ალინ სმითი (Greens, EFA), ტანია გონსალეს პენია (GUE/NGL), ხოსე ინაციო ფარია (EPP), ჟან ლამბერტი (Greens, EFA).

კომენტარები