რომან კაკულია

ქართული ოცნების დეპუტატი იზორიას: 2 საათია საუბრობთ და რუსეთი არ გაჟღერებულა საერთოდ

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

"ქართული ოცნების" დეპუტატი, რომან კაკულია პარლამენტში თავდაცვის მინისტრის მოსმენის დროს დაინტერესდა ორი საათის განმავლობაში რატომ არ ახსენა ლევან იზორიამ რუსეთი არც ერთხელ. მან თქვა, რომ ცოტა გაოცებულია ამის გამო.

"ცოტა გაოცებული ვარ, მართალი გითხრათ. 2 საათია საუბრობთ და სიტყვა რუსეთი არ გაჟღერებულა საერთოდ. თქვენ იმედია არ ხართ უწყება, დაკომპლექსებული იმ ძალიან უჩვეულო მოვლენით ამ ქვეყანაში, რომელსაც ადგილი აქვს და ეს არის ასეთი რამ - ვიცით, რომ არსებობს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული რუსული ორიენტაციის ძალა ამ ქვეყანაში, რომელიც თავისი მიზნის მისაღწევად ცხადია, იყენებს რუსეთისგან მომავალ საფრთხეს ნატოსკენ მიმავალ გზაზე", - ჰკითხა დეპუტატმა მინისტრს.

ამასთან, რომან კაკულიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს როგორ უყურებს ამას თავდაცვის სამინისტრო. მისი თქმით, სულ ორი ალტერნატივაა და ორივე მათგანზე მმართველი გუნდი იღებს პასუხისმგებლობას. დეპუტატმა შემდეგი ორი ალტერნატივა დაასახელა:

1. ეს საფრთხე არსებობს და მისგან თავის დაცვის გარანტია არის ჩვენი მცდელობები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ და ამას პლიუს საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელზეც რა თქმა უნდა ვიღაც გვეტყვის, რომ არასათანადოა, მაგრამ იდეალურ შემთხვევაში ეს არის გარანტია იმის, რომ 40 კილომეტრში მდგომი ტანკები არ იქნებიან თბილისში;

2. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ვისთან გვაქვს საქმე, ვლადიმერ პუტინის თუ რუსეთის სახით, შეიძლება არ იყოს იმ მასშტაბის მხარდაჭერა, რომ ეს საფრთხე ავიცილოთ, მაგრამ არის რა ეს ჩვენი საერთო არჩევანი, მთლიანობაში მზად ვართ ამ გამოწვევის მისაღებად.

რომან კაკულიას თქმითვე, ეჩვენება, რომ საქმე გვაქვს სწორედ მეორე ალტერნატივასთან და თავს ვიიმედებთ, თითქოს სხვა ალტერნატივაც არსებობს.

"ეს მნიშვნელოვანია მხოლოდ იმიტომ, რომ თუ ამ ალტერნატივაზე ვსაუბრობთ, მაშინ ამას სულ სხვა შინაგანი პოლიტიკა სჭირდება. ასეთი ალტერნატივა ყველაზე ღირსეული მომენტი იქნებოდა ალბათ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როცა ჩვენ მთლიანი ეროვნული თანხმობით, მიუხედავად გამოწვევებისა, გვაქვს მზაობა დავხვდეთ ამას, მაგრამ ამას სულ სხვა განათლების პოლიტიკა უნდა და მთელი რიგის პრობლემების მოგვარების მცდელობა, რომელსაც მე ვერ ვხედავ სამწუხაროდ. ამიტომ ვაკონკრეტებ შეკითხვას, თქვენ რა მოტივით არ ისაუბრეთ ამ გამოწვევაზე, თუ შეიძლება ეს განმარტოთ", - თქვა დეპუტატმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები