თამბაქოს გაძვირება

ხორგუაშვილი: კონტრაბანდის გაზრდის მიზეზი მთავრობისგან სიგარეტის ფასის ხელოვნური ზრდაა

ზვიად ხორგუაშვილი
თეორემა/ტაბულა

"ჩვენ ვაფრთხილებდით მთავრობას, რომ სიგარეტზე აქციზის ზრდა კონტრაბანდას გაზრდიდა" - ამბობს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან ტაბულას გამოთხოვილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც უაქციზო სიგარეტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმეები შარშანდელთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა. 

ხორგუაშვილი ამბობს, რომ მთავრობის მიერ სიგარეტზე აქციზის ზრდამ გარდა იმისა, რომ მოსახლეობის ნაწილი გაცილებით უხარისხო და მეტად მავნებლურ სიგარეტზე გადაიყვანა, თამბაქოს გაყიდვა შავ ბაზარზე გადაიყვანა. 

"მთავარი ის არის, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს რა ინფორმაციაც აქვს, ეს მხოლოდ ნაწილია, მათ გაეზარდათ გამოვლენილი რიცხვები და გამოვლენილი დანაშაული, თორემ რეალობა ძალიან ბევრი მიზეზით გაცილებით უარესია. მე არ მეგულება მწეველი, რომელსაც კონტრაბანდულ სიგარეტთან შეხება არ ჰქონია, ეს საკმაოდ ხელმისაწვდომი, მარტივად მისაგნები და უფრო იაფია. 

კონტრაბანდის გაზრდის ერთადერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, სწორედ ის არის, რომ მთავრობამ სიგარეტზე ფასი ხელოვნურად გაზარდა მაშინ, როდესაც ადამიანების უმეტესობის შემოსავალი ძალიან ნელი ტემპით იზრდება,"- ამბობს ხორგუაშვილი ტაბულასთან საუბრისას. 

ეკონომისტის თქმით, ბოლო 6 წელში თამბაქოს ნაწარმზე ფასი, დაახლოებით, 190%-ით არის გაზრდილი. 

"აქ კიდევ თუ ჩავშლით, ვნახავთ, რომ მასობრივი მოხმარების სიგარეტებზე ფასი კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი და ეს ზრდა გრძელდება. მათ შორის, 2018 წლის მარტის მონაცემებიც რომ ნახოთ, ინფლაციის მაჩვენებლები, ფაქტობრივად, იქაც კი დაახლოებით 25%-ით არის გაზრდილი ბოლო წლის განმავლობაში თამბაქოს ნაწარმზე ფასები,"- ამბობს ხორგუაშვილი. 

გაზრდილ კონტრაბანდასთან დაკავშირებით ტაბულამ შემოსავლების სამსახურს მიმართა და უწყებას ჰკითხა, ამ მონაცემების გათვალისწინებით, გაიზარდა თუ არა საბაჟო კონტროლი. უწყებაში გვითხრეს, რომ საბაჟო კონტროლი გამკაცრდა. 

ხორგუაშვილის შეფასებიტ, კონტროლის ზრდა კონტრაბანდაზე გავლენას იქონიებს, თუმცა მთავარი კითხვა ის არის, თუ რის ფასად შეძლებს მთავრობა ამას. 

"ვიღაც ადამიანებს, რომლებსაც არავინ არ დაუზიანებიათ ასე პირდაპირ, ყრიან ციხეში იმიტომ, რომ ყიდიან პროდუქტს და ვიღაცები მისგან ყიდულობენ ამ პროდუქტს იმის გამო, რომ იაფია. საქმე იმაშია, რომ გამკაცრება შეიძლება მცირედით შეამციროს ან თუნდაც სულაც აღმოფხრას ეს პრობლემა, მაგრამ რის ხარჯზე, რის ფასად გააკეთებს ამას - ეს არის კითხვა.

ჩვენი თვითმიზანი თუ ისაა, რომ საერთოდ სიგარეტი აღარ იყიდებოდეს, შეიძლება, რა თქმა უნდა, სასჯელის ისე გამკაცრებაც, ტოტალიტარული ქვეყნის აშენებაც ისე, რომ ამ შედეგს მივაღწიოთ, მაგრამ მთავარია, რის ფასად მოხდება ეს, რა დაუჯდება,"- ამბობს ხორგუაშვილი. 

ეკონომისტი ამბობს, რომ კიდევ ერთი დიდი პრობლემა მსგავს რეგულაციებში ის არის, რომ როდესაც მთავრობა ამა თუ იმ კანონს იღებს, მას არანაირ რეგულაციურ ანალიზს არ ურთავს არასდროს. მისი თქმით, კანონებს მთავრობის მხრიდან არასდროს არ მოყვება თან შედეგების ანალიზი და, რა თქმა უნდა, არავის გაუთვალისწინებია ის, რომ კონტრაბანდა გაიზრდებოდა და ამისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფა გახდებოდა საჭირო. 

"ამას ახლა კი არ უნდა არკვევდეს მთავრობა და ახლა კი არ უნდა იძიებდეს და გვპასუხობდეს, არამედ წინასწარ უნდა ეფიქრა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ როდესაც მსგავსი ტიპის კანონებს იღებენ, არათუ არასწორ ნაბიჯებს დგამენ მხოლოდ, არც კი გვისხნიან ამ არასწრო ნაბიჯებს და არ გეგმავენ გრძელვადიანად," - ამბობს ხორგუაშვილი. 

2019 წლის პირველი იანვრიდან უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი 60 თეთრიდან 1.70 ლარამდე გაიზარდა. ფილტრიანი სიგარეტის ადვალური (იმპორტირებული პროდუქტის ღირებულების პროცენტული გადასახადი) კი - 10%-დან 30%-მდე, რამაც სიგარეტის 1 კოლოფზე ფასი, 6 თებერვლის მონაცემებით, 1 ლარით გაზარდა.

სიგარეტზე ფასის ზრდამ ქვეყანაში უაქციზო სიგარეტის დიდი რაოდენობით შემოტანა გამოიწვია. 

ტაბულამ ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 1 იანვრიდან 14 მარტამდე 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, უაქციზო სიგარეტზე 200%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. 

2017 წლის 1 იანვრიდან 14 მარტამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტზე 13 სისხლის სამართლის საქმე აღძრა, 2018 წელს ეს მონაცემი არ შეცვლილა, ხოლო 2019 წელს კი 39-მდე მოიმატა, რაც 3-ჯერ ზრდას გულისხმობს. 

შედარებისთვის, 2017 წლის 1 იანვრიდან 14 მარტამდე პერიოდში საგამოძიებო სამსახურმა ჯამში 13 431 უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2018 წელს - 26 612, ხოლო 2019 წელს კი გასულ წელთან მიმართებით მონაცემი 707-ით გაიზარდა და 27 319 კოლოფი შეადგინა. 

ტაბულა დაუკავშირდა შემოსავლების სამსახურს კითხვით, ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით საზღვრებზე კონტროლი გამკაცრდა, თუ არა. პასუხში შემოსავლების სამსახური 707 კოლოფს "მცირედით ზრდას" უწოდებს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეების ზრდას შემდეგნაირად ხსნის: 

"სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობის მატება კი გამოწვეულია ძირითადად იმ
გარემოებით, რომ აქციზის განაკვეთის ზრდასთან ერთად, სიგარეტის ღირებულებაც
მნიშვნელოვნად არის გაზრდილი".

თუმცა, ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ თამბაქოს იმპორტზე აქციზის ზრდასთან ერთად სიგარეტის კონტრაბანდის რისკიც გაიზარდა. 

"ბუნებრივია, აღნიშნულის პარალელურად გაძლიერდა საბაჟო კონტროლი საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, რის შედეგადაც გაიზარდა გამოვლინებათა რიცხვი, როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დაქვემდებარებულ ქმედებათა, ასევე ადმინისტრაციულ და საგადასახადო სამართალდარღვევათა მიმართულებით,"- წერს შემოსავლების სამსახური. 

უწყებისვე ცნობით, საბაჟო კონტროლის სხვა ფორმებთან ერთად კინოლოგიური მომსახურებაც გამოიყენება. 

"სიგარეტის კონტრაბანდის მიმართულებების, გამოყენებული საშუალებებისა და ასეთ საქმიანობაში შემჩნეული პირების გათვალისწინებით, ინტენსიურად ხორციელდება მუშაობა შესაბამისი რისკის პროფილების შემუშავება-განახლებისა და დანერგვის კუთხით,"- გვპასუხობს შემოსავლების სამსახური.

კომენტარები