ანტიკორუფციული სააგენტო

წიაღით უკანონოდ სარგებლობისთვის 2 პირი დააკავეს, 2 კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და წიაღით უკანონოდ სარგებლობის ფაქტზე, ორი პირი დააკავა, ორი კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ სსიპ ,,გარემოს ეროვნული სააგენტოს“ 2016 წლის 22 დეკემბერს გაცემული ლიცენზიით, საქართველოს მოქალაქე სიკო მ-ს უფლება მიეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნატანებზე კონკრეტულ კონტურში მოეპოვებინა 20 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში. მიუხედავად ხსენებული ნებართვის არსებობისა, სიკო მ-მ დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით განიზრახა სალიცენზიო პირობების დარღვევით, კონტურს გარეთ მოეპოვებინა ინერტული მასალა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სიკო მ. თანამზრახველ გოდერძი მ-სთან ერთად დანაშაულებრივად დაუკავშირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელ პირებს: გიორგი გ-ს და გეგა ძ-ს და შეუთანხმდა მათ სარგებლობაში არსებული ტექნიკით მოეპოვებინათ ინერტული მასალა და მოეხდინათ რეალიზება," - წერია სუს-ის განცხადებაში. 

სუს-ის ინფორმაციით, 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 8 თებერვლის ჩათვლით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნატანებზე, სალიცენზიო პირობების დარღვევით ბრალდებულმა პირებმა მოიპოვეს 255 134 კუბური მეტრი ინერტული მასალა, რის შედეგადაც გარემოს მიაყენეს 342 964,41 ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზიანი. ხოლო ზემოაღნიშნული პირების მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ინერტული მასალის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 2 263 005 ლარი შეადგინა.

გამოძიება ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და წიაღით უკანონოდ სარგებლობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 299-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმიდნარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სუს-ის ინფორმაციითვე, ამავე საქმეზე, 2018 წელს დააკავეს და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების 8 თანამშრომელი, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას უპირატესობას ანიჭებდნენ სიკო მ-ს, გიორგი გ-ს, გეგა ძ-ს, გოდერძი მ-ს და არ ახდენდნენ სათანადო რეაგირებას მათ მიერ ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვებაზე, რითიც დამალეს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული და გარემოს მიადგა რამდენიმე ასეულობით ათასი ლარის ზიანი.

კომენტარები