არჩევნები 2019

ალეკო ელისაშვილმა მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად ლევან იოსელიანი წარადგინა

ალეკო ელისაშვილმა მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამოქალაქო მოძრაობის ერთერთი დამფუძნებელი ლევან იოსელიანი წარადგინა.

"მე შემიძლია, მშვიდი სინდისით და ძალიან დიდი სიამაყით წარვუდგინო ოქროყანელებს, სოლოლაკელებს, მთაწმინდელებს და ვერელებს ეს ძალიან კვალიფიციური, პრინციპული და კეთილსინდისიერი ადამიანი" - თქვა ელისაშვილმა.

თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა თანამოაზრეებთან ერთად, სამოქალაქო მოძრაობა 2018 წლის ბოლოს დააფუძნა. გუნდის წევრები არიან ლევან იოსელიანი, ვატო სურგულაძე და სხვები. მოძრაობას ევროპის დემოკრატიული მხარდაჭერის ფონდი აფინანსებს.

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ქართული ოცნების კანდიდატია ექიმი ლადო კახაძე, თავისუფალმა დემოკრატებმა და ევროპულმა საქართველომ შალვა შავგულიძე წარადგინეს, გირჩმა - ჰერმან საბო, პოლიტიკურმა გაერთიანებამ "სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ - მიხეილ-გელა სალუაშვილი. ასევე, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით კენჭს იყრიან - სოფო ხორგუანი, გრიგოლ გეგელია, კობა დავითაშვილი და გიორგი ანდრიაძე.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი პარლამენტში მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.

კომენტარები