კობა გვენეტაძე პარლამენტში

ბოკერია გვენეტაძეს: რატომ არ დაუწესეთ სანქციები სხვა მსხვილ ბანკს TBC-ს მსგავს შემთხვევაში?

პარლამენტი

ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს სთხოვა პასუხი გაეცა, თუ რატომ არ დაეკისრა სანქციები ერთ-ერთი მსხვილი ბანკის მენეჯმენტს TBC ბანკის საქმის ანალოგიურ შემთხვევაში.

"მე ხელთ მაქვს მონაცემები, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი მსხვილ ბანკზე, არა TBC-ზე, ადგილი ჰქონდა შემდეგ ვითარებას: ამ ბანკმა გასცა მსხვილი სესხი ერთ-ერთ მსხვილ კომერციულ სუბიექტზე და ეს სესხი იმდენად დიდი იყო, რომ მათ წლიურ შემოსავალს თითქმის უტოლდებოდა. ამიტომ, 100%-ით უნდა დარეზერვებულიყო. ეს სესხი აღმოჩნდა ცუდი, ვერ გადაიხადა ამ სუბიექტმა, ამიტომ ამ მსხვილმა ბანკმა შექმნა ხელოვნურად შპს, ამ შპს-ს მისცა თავისი ფული, ამ შპს-მ იყიდა პასივები ამ სუბიექტისგან, რომელიც ვერ იხდიდა. ანუ, ცუდი ვალის პასივები იყიდა და ამის შემდეგ, მენეჯმენტი, რომელმაც ასეთი ცუდი სესხი გასცა, გამოძვრა მის დამფუძნებლებთან. ანუ, არ გაიჭედა, დამალა ეს ამბავი. თქვენ ეს საქმე განიხილეთ და TBC-სგან განსხვავებით გადაწყვიტეთ, რომ არანაირი სანქცია არ დაგეწესებინათ. რას ნიშნავს ეს? ხომ იცით, რომელ შემთხვევაზე გეუბნებით? გთხოვთ, არ გაბედოთ ტყუილის თქმა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, მტკიცებულებებით, რა საქმეზეც ვსაუბრობ. რატომ გაქვთ განსხვავებული დამოკიდებულება?" - ჰკითხა ბოკერიამ გვენეტაძეს.

გვენეტაძემ პასუხად განაცხადა, რომ შემთხვევა კონფიდენციალური იყო და მასზე საჯაროდ ვერ ისაუბრებდა.

"საზედამხედველო ღონისძიებები, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული არის კონფიდენციალური. ამიტომ, რომელიმე კონფიდენციალურ საზედამხედველო საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ" - თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გიგა ბოკერიას თქმით კი გვენეტაძის ეს პასუხი აღიარების ტოლფასი იყო, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, გვენეტაძე მსგავსი ფაქტის არსებობას უარყოფდა:

"პრაქტიკულად, თქვენ აღიარეთ ის შემთხვევა, რომელზეც მე გკითხეთ და არ დავასახელე კონკრეტული ბანკი. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ხომ მეტყოდით, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ აქვს? ფაქტს, როდესაც ბანკმა გასცა ცუდი სესხი მენეჯმენტის და მერე რომ "გაეთეთრებინა" საკუთარი თავი აქციონერებთან, ყალბი სტრუქტურა შექმნა და აყიდინა პასივები. თუ ეს დადასტურდა, თუ დაგიბარეთ აქ კომისიაზე ჩვენ, ან თუ დაკითხვაზე დაგიბარეთ და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მართალია, როგორი პასუხი უნდა აგოს სახელმწიფო მოხელემ, რომელმაც ერთ ბანკს, ჩემი აზრით უსაფუძვლოდ, დააკისრა ასეთი მკაცრი პერსონალური სანქცია და დააიგნორა მეორე შემთხვევა?"

კობა გვენეტაძემ პარლამენტში ვიზიტისას TBC ბანკის საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი ვალდებული იყო, დარღვევებზე რეაგირება მოეხდინა და თუ მამუკა ხაზარაძე მას არ ეთანხმებოდა, შეეძლო სასამართლოში ეჩივლა.

კომენტარები