თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო მფრინავ ეკა ქვლივიძის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოდან გამოითხოვს

თავდაცვის სამინისტრო მფრინავ ეკატერინე ქვლივიძის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოდან გამოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას სამინისტროში დაუდასტურეს. 

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას და გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას ეკა ქვლივიძე გუშინ შეხვდა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვლივიძეს საშუალება ექნება, გორის სამხედრო აკადემიაში ლექციები წაიკითხოს და ასევე, ის საფრენოსნო საქმიანობასაც დაუბრუნდება.

"მე მზაობა გამოვხატე, რომ გორში, სამხედრო აკადემიაში, როგორც მოწვეულმა სპეციალისტმა ლექციები ჩავატარო და მომავალ თაობას ვასწავლო. შემდგომში, მე როგორც მფრინავი, თავდაცვის სამინისტროში დავბრუნდები და აღვდგები, როგორც სპეციალისტი სამხედრო კადრი",- ამბობს ქვლივიძე. 

შეგახსენებთ, რომ სამხედრო მფრინავმა ეკატერინე ქვლივიძემ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის გამო თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გაწყვიტა და სამხედრო სამსახური დატოვა. საპასუხოდ, ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, სამინისტრომ ქვლივიძეს უჩივლა და ჯარიმის სახით 28 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ვრცლად ეკატერინე ქვლივიძის საქმეზე წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები