ზვიად რატიანი

ზვიად რატიანი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ნომინანტია

რადიო თავისუფლება

ქართველი პოეტი, ზვიად რატიანი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის European Poet of Freedom Award-ის ნომინანტია.

ჟიურიმ, რომელიც მწერლებით და პოეტებითა და კრიტიკოსებითაა დაკომპლექტებული და რომლის თავმჯდომარე პოლონელი პოეტი ქშიშტოფ ჩიჟევსკია, სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან შერჩეულ 8 პოეტს შორის ქართველი პოეტიც დაასახელა. 

კონკურსი წელს მეექვსედ ტარდება. გამარჯვებული 2020 წლის მარტში, ქალაქ გდანსკში გამოვლინდება. 

შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა 2017 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. რატიანის თქმით, სამართლადამცველების გაღიზიანება მისმა ნარინჯისფერმა ქურთუკმა გამოიწვია. რატიანი ამბობს, რომ ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რატიანმა თავად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და მათ უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. ამის შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა მობილური ტელეფონით პოლიციელების მიერ გადაღებული არასრული ვიდეოჩანაწერი, სადაც რატიანის გინება ისმის. ამასთან, აღნიშნული ვიდეო მოსამართლემ მტკიცებულებად დაუშვა და საქმის მასალებს დაურთო. სასამართლომ რატიანი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის თქმით, პოეტს პატიმრობა "საახალწლო დღეების" გამო არ შეუფარდეს.

ვიდეოს გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მოგვიანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, რომ მზადაა აიღოს ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რასაც სამეურვეო საბჭო დააკისრებს.

2018 წლის მარტში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გასაჯაროების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

ზვიად რატიანი თვეების განმავლობაში ითხოვდა მის დაზარალებულად ცნობას და პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიებას. მან 2018 წლის სექტემბერში საქართველო დატოვა. 

კომენტარები