ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები

შავგულიძე: ევროპული საქართველო აბსოლუტურად სწორ პოზიციებზე დგას და ამიტომ ვართ პარტნიორები

0 კომენტარი

დარწმუნებული ვარ, ევროპული საქართველო დღეს აბსოლუტურად სწორ პოზიციებზე დგას და სწორედ ამიტომ ვარ მათი პარტნიორი,- ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ პირველი არხის გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" თქვა. 

მისი თქმით, ვერც ის და ვერც თავისუფალი დემოკრატები სამართლიანი სასამართლოსთვის ხელისუფლებასთან მარტო ვერ იბრძოლებდნენ. 

"ვერ მოვერევით დღევანდელ ხელისუფლებას, რომელსაც ამხელა სახელმწიფო მანქანა სწორედ იმაზე აქვს მომართული, რომ სასამართლო პირადი ინტერესების სამსახურში გამოიყენოს. ვეძებ პარტნიორს. პოლიტიკოსი ვერ შემოიფარგლება მხოლოდ კეთილი სურვილებისა და კარგი იდეების ქონით. პოლიტიკოსმა ამ კარგი იდეების განსახორციელებლად გზები უნდა ეძებო. ეძებ პარტნიორს და ეს პარტნიორი რომ იპოვო, თანხვედრა უნდა გქონდეს ძირითად, სტრატეგიულ მიმართულებებში და ასეთი ძირითადი მიმართულებაა საქართველოს მყარი ევროატლანტიკური ინტეგრაცია",- ამბობს შავგულიძე. 

მისი თქმით, თავისუფალი დემოკრატებისთვის ასეთი პარტნიორი ევროპული საქართველოა. მისივე თქმით, პოლიტიკური მტრობა უნდა დასრულდეს და პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალებმა ქვეყნის მომავალზე უნდა იფიქრონ.

"ჩვენ ასევე ერთი ხედვა გვაქვს სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც. ჩვენთვის მიუღებელია ავტოკრატიული მმართველობა, სამართლის უზენაესობა ერთნაირად გვესმის, რომ აუცილებელია და ა.შ. აქედან გამომდინარე, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იყვნენ წინა ხელისუფლებაში, რომელიც ცუდს ჩადიოდა, დღეს რომ არ გავუერთიანო ძალისხმევა ამ პოლიტიკურ ძალას, რომელთან ერთადაც ერთნაირი ხედვა მაქვს ქვეყნის სტრატეგიულ მომავალზე, რამდენად პასუხისმგებლიანი ვიქნები. ოღონდ ქართულმა ოცნებამ რაღაც ცუდთან ერთად გაერთიანება არ დამაბრალოს და დავუშვა ის, რომ ქართულმა ოცნებამ სასამართლო ისევე მოიხმაროს, როგორც ამას თავისი ინტერესებისთვის წინა ხელისუფლება იყენებდა?"- აღნიშნა შალვა შავგულიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა პოლიტიკური ბლოკი შექმნეს და პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე დაასახელეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები