ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა

ქობულია: ელექტრომობილების ქარხანა იქნება მაგალითი, რომ მსხვილი ინვესტიციებისთვის მზად ვართ

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, ელექტრომობილების წარმოება გახდება მაგალითი იმისა, რომ საქართველო მზად არის მსხვილი ინვესტიციების მისაღებად. 

ეს მან ელექტრომობილების ქუთაისში წარმოების შესახებ საუბრისას თქვა. 

"ელექტრომობილების წარმოება მაგალითის მიმცემი იქნება სხვა კომპანიებისთვის, მათ შორის, ელექტრონიკის წარმოებით დაკავებული კორპორაციებისთვის. ამას უყურებენ პოტენციური ინვესტორები და ეს პროექტი გახდება მაგალითი მათთვის, რომ საქართველო მზად არის ასეთი მსხვილი ინვესტიციების მისაღებად.

ასეთი ტიპის პროექტები არის უნიკალური ჩვენთვის. ამ პროექტისთვის იბრძოდა რამდენიმე ქვეყანა და საქართველომ აბ ბრძოლაში გაიმარჯვა. ეს პროექტი ნიშნავს ათასობით სამუშაო ადგილს; ნიშნავს ექსპორტს, რადგან წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი იქნება ექსპორტირებული ევროკავშირში; ეს ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან ასეთ შედეგებს უკვე იძლევა, ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ელექტრომობილების წარმოებაში რამდენიმე ათეული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება",- თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, 2020 წლიდან საქართველო შეძლებს, ელექტრომობილები აწარმოოს, ქარხანა კი ქუთაისში აშენდება. 

ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ბიზნესჯგუფი, რომელიც ქარხანას აშენებს, აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: aienergy, aicar, aipower და airproduction. 

"ჰოლდინგი არამხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაში პირველი ინდუსტრიული ბიზნეს ჯგუფია, რომელიც ეკოლოგიური მიმართულებების პროექტში კომპლექსურად იწყებს ინვესტიციების განხორციელებას. ჰოლდინგი მოიცავს "ქარშეარინგის", ელექტროდამტენების და მზის პანელების დამონტაჟების სერვისს. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებაა. აღნიშნულ საკითხზე გაფორმდა მემორანდუმი კომაპნია Aigroup-სა და 157-წლიანი ინდუსტრიული ისტორიის მქონე ჩინურ კომპანია Changan-ს შორის. მემორანდუმის საფუძველზე, ქართული ბრენდით ელექტრომობილი პირველად შეიქმნება, რომლის გამოშვებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება.

კომენტარები