ბუნებრივი აირის გაჟონვა

დიღომში აფეთქებისას დაშავებული 21 წლის კაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ტვ პირველი

დიღმის მასივში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 21 წლის კაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში 35%-იანი დამწვრობითი შოკით შეიყვანეს.

ექიმების თქმით, კაცს დამწვარი აქვს სახელ, გულმკერდის არე, ზემო და ქვემო კიდურები. 

"ამ დროისთვის პაციენტი იმყოფება შოკურ მდგომარეობაში. მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ოპერაციული ჩარევა შეიძლება მას დასჭირდეს, მაგრამ ეს ხვალ გადაწყდება", - თქვა ექიმმა მედიასთან. 

აფეთქება, სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობლიდან გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ყაზტრანსგაზ-თბილისი აცხადებს, რომ დიღმის მასივში, მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა 

აფეთქების შედეგად სულ 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 7 თვის გოგოც. ის იაშვილის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ექიმების თქმით, მას კვლევები ჩაუტარდა, მდგომარეობა სტაბილურია. 

ერთ-ერთ დაშავებულს, 75 წლის ქალს ტვინის შერყევა აქვს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით იძიებს ((ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი). დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციაში გამოიკითხნენ ყაზტრანსგაზ-თბილისის თანამშრომლები და ადგილობრივები. კომპანია ყაზტრანსგაზის განცხადებით, მათი წარმომადგენლები კორპუსში გამოძახებიდან 10 წუთში მივიდნენ, თუმცა, აფეთქება უკვე მომხდარი იყო. 

კომენტარები