ომეგას საქმე

ომეგა: სტოკჰოლმის სასამართლომ ქართული მხარე გაამტყუნა, ოქუაშვილმა კომპენსაცია უნდა მიიღოს

იმედი

ომეგა ჯგუფი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც სტოკჰოლმის საერთაშორისო სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება აუკრძალა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამრთლომ თებერვალში მიიღო გადაწყვეტილება, რომ ომეგა ჯგუფის თამბაქოს (შპს ოჯთ) მთლიანი ქონება აუქციონზე გაყიდულიყო.

ომეგას ჯგუფის გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების გარდა, ზაზა ოქუაშვილმა კომპენსაცია უნდა მიიღოს:

"ქართულ მხარეს დაეკისრა საერთაშორისო სამართლის ბაჟის, იურიდიული ხარჯისა და მათზე ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსის მიხედვით დარიცხული 2%-იანი სარგებლის კომპენსაცია ზაზა ოქუაშვილის სასარგებლოდ".

განცხადებაში ნათქვამია, რომ სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება საქართველოსთვის სავალდებულოა.

ცნობისთვის, 2018 წლის დეკემბერში ომეგა ჯგუფში აცხადებდნენ, რომ ფინანსურმა სამსახურმა ხელოვნური ბარიერებით კომპანიის საწარმოს მუშაობა შეაწყვეტინა.

2018 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, "ომეგა ჯგუფმა" 26 ოქტომბერს 1 მლნ ლარის დავალიანება გადაიხადა და წარმოების განახლების ნებართვა ითხოვა. უწყება ამბობდა, რომ მათ გაითვალისწინეს კომპანიის მოთხოვნა და ინკასო მოხსნეს, ასევე ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, რათა კომპანიამ წარმოების განახლება შეძლოს.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, იმ დროის მდგომარეობით "ომეგა ჯგუფის" დავალიანება ბიუჯეტის წინაშე 52.8 მილიონ ლარს აჭარბებდა.

ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის თქმით კი, მის კომპანიას ბიძინა ივანიშვილის "ქართუმ" არჩევნებამდე 2 დღით ადრე 8 მილიონამდე ლარი გადაურიცხა, ჩამოაწერეს ბიუჯეტის ვალი და სანაცვლოდ მოითხოვეს ეთქვა, რომ ფარული ჩანაწერების შეგროვება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.

კომენტარები