გირჩი

გირჩი აუდიტის სამსახურს: საპატრიარქოს აუდიტს თუ ჩაატარებთ, ფინანსურ ანგარიშს გამოგიგზავნით

გირჩი/Girchi

პოლიტიკური პარტია "გირჩი" აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორ ირაკლი მექვაბიშვილს შეთავაზებით მიმართავს. 

პარტიის შეთავაზება მდგომარეობს შემდეგში - თუკი აუდიტის სამსახური საპატრიარქოს აუდიტს ჩაატარებს და საჯაროდ დაარწმუნებს პარტიას, რომ ეს საქმე კეთილსინდისიერად გააკეთეს, მაშინ პარტია უწყებას მოთხოვნილ ფინანსურ ანგარიშს გადაუგზავნის. 

ამის შესახებ პარტიამ განცხადება Facebook-ით გაავრცელა:


პარტიის ამ განცხადებას წინ უძღოდა 25 მარტს დათარიღებული წერილით, რომლითაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, ზრაუბ აზნაურაშვილმა, პარტიას მიმართა და მათ ამცნო, რომ 19 მაისს დანიშნულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, "გირჩი" შემდეგ რეგულაციებს ექვემდებარება:

"ა) საარჩევნოდ უნდა შევქმნათ სპეციალური ფონდი
ბ) 3 კვირაში ერთხელ თქვენთან უნდა ვაგზავნოთ ფინანსური ანგარიშები
გ) საარჩევნო პერიოდის ფინანსური ანგარიში უნდა წარმოგიდგინოთ აუდიტორულ დასკვნასთან ერთად
დ) გარდა თქვენთვის წარდგენისა, იგივე ანგარიშები უნდა გამოვაქვეყნოთ 3 კვირაში ერთხელ
ე) ანგარიშები უნდა იყოს თქვენი უწყების მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმების სახით
ვ) ტელე, რადიო, საგაზეთო, გარე თუ ინტერნეტ რეკლამა წინასწარი ანგარიშსწორებით უნდა შევისყიდოთ და ამის შესახებ ასევე წინასწარ უნდა გაცნობოთ თქვენ, ასევე თქვეს მიერ შესაბამისად დამტკიცებული ფორმის სახით
ზ) და სხვა."

პარტია მიიჩნევს, რომ "პოლიტიკური ფინანსების" ეფექტიანი მონიტორინგი შეუძლებელია და ეს სისტემა ერთი კონკრეტული მიზნისთვისაა შემუშავებული - ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკურმა ძალებმა ხელისუფლებაში მოსასვლელად საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზება ვერ შეძლონ. 

"არასოდეს ამ ქვეყნის ისტორიაში ამ სისტემას არ დაუსჯია რეალურად ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა და თუ ვინმესთვის ოდესმე შეუქმნია რეალური პრობლემა, ეს ყოველთვის იყო ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალები (მათ შორის დღეს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალაც),"- წერია პარტიის განცხადებაში. 

გირჩის განცხადებით, ყველასთვის ცნობილია, რომ პოლიტიკაში დიდი რაოდენობით შავი ფული ტრიალებს. პარტია ეუთო-ს ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ 600 000-მდე ადამიანისთვის სესხების ჩამოწერის დაპირება ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენდა. პარტიის განცხადებით, იმ ფონზე, რომ ზემოაღნიშნული ფაქტი აუდიტის სამსახურის მხრიდან რეაგირების გარეშეა დარჩენილი, გირჩისთვის "რაღაც ფორმების შევსების" და სამ კვირაში ერთხელ წარდგენის დავალდებულება თავხედობასთან მოსაზღვრე ცინიზმია. 

"ვაფასებთ ამ ცინიზმს, მაგრამ არ ვაპირებთ ამ სპექტაკლში მონაწილეობას" - აცხადებს გირჩი. 

პარტიის ცნობით, მხოლოდ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან მხოლოდ ფინანსური რესურსის სახით სახელმწიფომ საქართველოს საპატრიარქოს, დაახლოებით, მეოთხედი მილიარდი ლარი მისცა. გირჩის ინფორმაციით, ამ თანხაში არ შედის ის უძრავი თუ მოძრავი ქონება, რომელიც ასევე გადაეცა ამ ინსტიტუტს სახელმწიფოს მიერ ისევე, როგორც აურაცხელი სარგებელი, რომელსაც საპატრიარქო ნახულობს სახელმწიფოსთან გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმებით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით. 

გირჩის თქმით, აქამდე ვერცერთმა გენერალურმა აუდიტორმა ვერ გაბედა კანონის მოთხოვნის აღსრულება საპატრიარქოსთან მიმართებით. 

"შესაბამისად არავინ იცის რაში, რამდენად კანონიერად, რა მიზნით და რამდენად ეფექტურად დაიხარჯა ღატაკი მოსახლეობისთვის პოლიციის ძალით წართმეული, ზემოთხსენებული მეოთხედი მილიარდი ლარი,"- წერია განცხადებაში. 

გირჩი აუდიტის სამსახურს სთავაზობს:

"თუ ჩაატარებთ საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს აუდიტს და საჯაროდ დაგვარწმუნებთ რომ ეს საქმე კეთილსინდისიერად გააკეთეთ, ჩვენ შევასრულებთ სპექტაკლში ერთერთ როლს და გადმოგიგზავნით ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის #2915/21 ბრძანებით დადგენილ ფორმებს".

ტაბულა დაუკავშირდა აუდიტის სამსახურს, რომელმაც სახელმწიფო აუდიტის შესახებ კანონზე მიგვითითა, სადაც წერია, რომ ჩანაწერი კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე არ ვრცელდება. 

"საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს: საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრებისა და ქონების ხარჯვასა და გამოყენებას. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საჯარო სამართლის კორპორაციის) საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ერთეულების მიერ გაცემული ქონების ან/და სახსრების ხარჯვისა და გამოყენების ფარგლებში. 

ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე" - ამბობენ აუდიტის სამსახურში. 

მაისში პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჰერმან საბოა.  

კომენტარები