აშშ-ირანი

აშშ-მა ირანის რევოლუციური გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

Mike Pompeo/Twitter

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიას ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანს. მისი თქმით ამით აშშ ცნობს, რომ ირანი არა მხოლოდ აფინანსებს ტერორიზმს, არამედ რევოლუციური გვარდია აქტიურად მონაწილეობს, აფინანსებს და ხელს უწყობს ტერორიზმს, როგორც სახელმწიფოს მართვის მეთოდს. ტრამპმა თქვა, რომ გვარდია გლობალური ტერორისტული კამპანიის საწარმოებლად ირანის მთავრობის მთავარ იარაღს წარმოადგენს.

გადაწყვეტილების შესახებს საკუთარ ტვიტერზე დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც:

"მნიშვნელოვანი ნაბიჯია ირანის რეჟიმის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, აშშ-მა ისლამური რევოლუციის გვარდია, მათ შორის კუდსის ძალა, ტერორისტულ ორგანიზაციას ცნო. ჩვენ ირანელ ხალხს თავისუფლების დაბრუნებაში უნდა დავეხმაროთ."

აშშ-ის ამ ნაბიჯის საპასუხოდ ირანმა აშშ ტერორიზმის სპონსორ ქვეყანად გამოაცხადა და აშშ-ის არმია ტერორისტულ ჯგუფად ცნო.

აშშ-ის გადაწყვეტილება ძალაში 15 აპრილიდან შევა და ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში სხვა ქვეყნის მთავრობის ნაწილი შეიყვანა.

გადაწყვეტილების შესაბამისად ეკონომიკური სანქციები დაუწესდებათ და მოგზაურობა შეეზღუდებათ გვარდიის წევრებს და ლიდერებს და ასევე მათ, ვინ გვარდიასთან თანამშრომლობს.

გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ძალებს. გარდა ამისა გვარდიას კავშირები აქვს ერაყის მთავრობის და სამხედრო ძალების წარმომადგენლებთან და ჰეზბოლასთან, რომელიც ლიბანის მთავრობის ნაწილია.

ტრამპს ამ გადაწყვეტილებისათვის მადლობა გადაუხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ:

"მადლობა, ჩემო ძვირფასო მეგობარო, პრეზიდენტო ტრამპ შენი გადაწყვეტილებისათვის გამოგეცხადებინა ირანის რევოლუციური გვარდია ტერორისტულ ორგანიზაციას. მადლობა, რომ პასუხი გაეცი ჩემს კიდევ ერთ მნიშვნელოვან თხოვნას, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის და რეგიონის ინტერესებს. ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მოქმედებას ირანის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს, აშშ-ს და მშვიდობას მსოფლიოში." - დაწერა მან საკუთარ ტვიტერზე.

კომენტარები