9 აპრილის ტრაგედია

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

0 კომენტარი
1989 წლის 9 აპრილი ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

1989 წელს სოფელ ლიხნში ჩატარებული ყრილობის შემდეგ აფხაზმა სეპარატისტებმა კრემლის მხარდაჭერით საქართველოსგან გამოყოფა მოითხოვეს.

თბილისში რესპუბლიკის ხელმძღვანელობისაგან მომხდარ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოითხოვა, მაგრამ რეაგირება იგვიანებდა.

ამის პასუხად და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით თბილისში რამდენიმე ათეულმა სტუდენტმა შიმშილობა გამოაცხადა. სტუდენტებს მალე სხვებიც შეუერთდნენ.

რადიკალური მოთხოვნების მიუხედავად, შეკრება მშვიდობიან ხასიათს ატარებდა. მას დღითიდღე ემატებოდა ხალხი საქართველოს ყველა კუთხიდან.

აქციებმა პიკს 4 აპრილს მიაღწია. დემონსტრაციების მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო.

მოძრაობის მასობრიობამ ​რესპუბლიკის მესვეურები შეაშფოთა. ვითარების ნორმალიზაციის მიზნით საგანგებო ზომები მიიღეს. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მითითებით, საქართველოში შინაგანი ჯარისა და საბჭოთა არმიის დამატებითი ქვედანაყოფები შემოიყვანეს.

8 აპრილს საქართველოს პარტიულმა აქტივმა მოიწონა გადაწყვეტილება მიტინგის სამხედრო ძალით აღკვეთის თაობაზე (საწინააღმდეგო აზრი შეკრების მხოლოდ ორმა მონაწილემ გამოთქვა). მომიტინგეთა დასაშინებლად იმავე დღეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ტანკი გაატარეს, ხოლო თბილისის ცაზე სამხედრო ვერტმფრენები გამოჩნდნენ. ამას საპირისპირო შედეგი მოჰყვა. მიტინგის მონაწილეთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მიტინგის აღკვეთის ოპერაციას ხელმძღვანელობა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს გენერალ იგორ როდიონოვს დაევალა.

როდიონოვის ქმედებას საქართველოშიც ჰყავდა მომხრეები. ცენტრალურ კომიტეტში იდეოლოგიის და უშიშროების მიმართულებით მომუშავე ქართველი კომუნისტები აპრილის აქციებში დიდ საფრთხეს ხედავდნენ.

"მხოლოდ ენით საბჭოთა სისტემის მტრებთან ბრძოლა არ შეძლება", - თქვა მაშინ ნუგზარ ფოფხაძემ.

1989 წლის 9 აპრილის ღამეს რუსთაველის გამზირზე ათეულათასობით ადამიანი შეიკრიბა.

დარბევის დაწყებამდე საბჭოთა უშიშროების სამსახურის თხოვნით აქციის მონაწილეებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მივიდა. მან მოშიმშილეებს და აქციის ლიდერებს დაშლა სთხოვა, თუმცა, აქციის მონაწილეები ადგილზე დარჩნენ.

ნიჩბებითა და დღემდე დაუდგენელი შემადგენლობის გაზის ბალონებით შეიარაღებულმა რუსმა ჯარისკაცებმა აქციის დარბევა დილის სამ საათზე დაიწყეს. უშუალოდ 9 აპრილის ღამეს 20 ადამიანი დაიღუპა, ერთი ადამიანი რუსმა ჯარისკაცებმა კომენდანტის საათისას იმსხვერპლეს. დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანი იყო.

9 აპრილის დარბევისას დაიღუპნენ:

  • ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
  • ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლი
  • თამარ ჭოველიძე, 16 წლის
  • მამუკა ნოზაძე, 22 წლის
  • აზა ადამია, 22 წლის
  • მანანა მელქაძე, 23 წლის
  • ნატო გიორგაძე, 23 წლის
  • ნინო თოიძე, 25 წლის
  • ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
  • გია ქარსელაძე, 25 წლის
  • თამუნა დოლიძე, 28 წლის
  • მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
  • მანანა ლოლაძე, 33 წლის
  • ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
  • ნანა სამარგულიანი, 41 წლის
  • მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
  • თამარ მამულიშვილი, 50 წლის
  • ვენერა მეტრეველი
  • ზაირა კიკვიძე, 61 წლის
  • თინა ენუქიძე, 70 წლის
  • შალვა ქვასროლიაშვილი

10 აპრილს თბილისში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა. კომუნისტური პარტიის რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად მან თბილისში სიტუაციის დამშვიდება სცადა.

9 აპრილის შემდეგ საქართველოში დამოუკიდებლობის მოთხოვნით ფართო მოძრაობა დაიწყო, რაც 1991 წლის 9 აპრილს დასრულდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები