პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენცია

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას "სახელმწიფო ცერემონიების სასახლე" ეწოდა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე
Levan Gokadze / Wikipedia

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას სახელი შეეცვალა და მას ახლა "სახელმწიფო ცერემონიების სასახლე" ჰქვია. 

ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა, დაუდასტურა. 

მოისწრაფიშვილის თქმით, პრეზიდენტის ყოფილი სასახლეს ოფიციალური მიღებებისთვის არა მხოლოდ პრეზიდენტის ადმინსტრაცია გამოიყენებს, არამედ პარლამენტიც და მთავრობაც. 

"ამ ხნის განმავლობაში მიდიოდა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, მის ხელმძღვანელობასა და საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის იმის თაობაზე, თუ რა ფუნქცია შეეძინათ ამ სასახლისთვის. ერთი მხრივ, იქ იქნება სახელმწიფო ცერემონიების სასახლე და გაიმართება სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებები, მათ შორის ოფიციალური ვიზიტები," - ამბობს პრეზიდენტის პრესსპიკერი. 

კითხვაზე, ათონელის რეზიდენციას რატომ ვერ გამოიყენებდა პრეზიდენტი ოფიციალური მიღებებისას, ხატია მოისწრაფიშვილი გვპასუხობს, რომ "იქ საკმარისი ფართი არ არის".

ის, რომ გამარჯვების შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციის ნაცვლად ათონელის რეზიდანციაში შევიდოდა, 2018 წლის აგვისტოში დააანონსა. 

"ორბელიანთა სასახლეში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ,"- ამბობდა პრეზიდენტი 2018 წელს. 

ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში საქმიანობა დაუსრულებელ საახლეში დაიწყო

2013 წელს ორბელიანის სასახლეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის არემონტებდნენ, თუმცა მაშინ მან გადაწყვიტა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენილიყო. 

პირველი საპრეზიდენტო სასახლე, სადაც გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაცია მუშაობდა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2004-2009 წლებში აშენდა. ავლაბრის რეზიდენციას მმართველი გუნდი 2013 წლის შემდეგ იმ მოტივით იწუნებს, რომ ის პრეზიდენტის ფუნქციებს არ შეესაბამება. 

რამდენიმე თვის განმავლობაში უცნობი იყო, რას უპირებდნენ ავლაბრის რეზიდენციას. სხვადასხვა დროს დასახელებული იდეების მიხედვით, იქ რომელიმე სამინისტროს განთავსებას ან სულაც გაყიდვას და, მაგალითად, სასტუმროდ ქცევას უპირებდნენ. 

კომენტარები