აშშ

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი დაითხოვა

AFP

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი რენდოლფ ალესი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ალესი თანამდებობას დატოვებს, მაგრამ არ ამბობენ ტრამპმა დაითხოვა ის თუ არა. თეთრი სახლის სპიკერის სარა სანდერსის თქმით ალესმა სააგენტოში შესანიშნავად იმუშავა ორი წლის განმავლობაში და პრეზიდენტი მას ქვეყნის სამსახურში 40 წელი ყოფნისათვის მადლობას უხდის. მისივე თქმით მაისიდან თანამდებობაზე მას ჯეიმს მარი შეცვლის.

ალესი ამ პოსტზე ტრამპმა 2017 წლის აპრილში დანიშნა. მანამდე ის აშშ-ის არმიაში მსახურობდა.

საიდუმლო სამსახური აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ნაწილია, რომლის ხელმძღვანელმა, კირსტენ ნილსენმა თანამდებობა კვირას დატოვა. გადადგომის თაობაზე წერილში ნილსენს ამ გადაწყვეტილების მიზეზები არ დაუკონკრეტებია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით მას თანამდებობის დატოვებისა ტრამპის უკმაყოფილებამ აიძულა. ნილსენის შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გასული წლის ნოემბერშიც გავრცელდა, რადგან ტრამპი მისი მუშაობით უკმაყოფილო იყო, კერძოდ კი იმის გამო, რომ მან მექსიკიდან აშშ-ში არალეგალურად გადასული მიგრანტების რაოდენობის შემცირება ვერ შეძლო.

კომენტარები