სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ვინც ჩემს შეცდომაზე ამახვილებს მთელ ყურადღებას იმან მთავარი ვერ გაიგო

სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის მემორიალთან ვიზიტთან და ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ მიღებასთან დაკავშირებულ კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომ “სკანდალურ” ამ დღის მოვლენებზე, როგორიც არის პროტოკოლის თანამშრომლის მიერ მესიჯის გაგზავნა დაცვის თანამშრომლისთვის, ან სვამს კითხვას: 9 აპრილის მემორიალიდან პანაშვიდის დასრულების შემდეგ, თუ რატომ გავყევი პატრიარქს და ამას “გაპარვად” აღიქვამს, ან კიდევ ჩემს შეცდომაზე (9 აპრილის დაღუპულთა სიის წაკითხვისას ერთი გვარის უნებლიეთ გამოტოვებისა) ამახვილებს მთელ ყურადღებას .... იმან, მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს: 28 წლის შემდეგ, სახელმწიფო დონეზე ზეიმით აღინიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერა. უზენაესი საბჭოს ყველა წევრი მოწვეულ იქნა და მათი წვლილი - ზვიად გამსახურდიას მეთაურობით- დამოუკიდებლობის გამოცხადებაში აღიარებულ იქნა! ამითი შერიგების, ერთმანეთის პატივისცემის, ნდობის და საქართველოს გაერთიანებისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა!
გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება!"

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის გამართულ მიღებაზე გამოსვლისას 9 აპრილს დაღუპული 16 წლის ეკა ბეჟანიშვილის გვარი არასწორად წაიკითხა.

მიღებაზე არ იყვნენ მიწვეული ეკა ბეჟანიშვილის ოჯახის წევრებიც. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა მედიას განუცხადა, მიზეზი ის იყო, რომ ადმინისტრაციამ ოჯახთან დაკავშირება ვერ შეძლო.

ავლაბრის სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა 9 აპრილს დაღუპული 16 წლის თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ.

მისი თქმით სალომე ზურაბიშვილს 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ჩამოთვლისას მისი შვილი არ უხსენებია:

"ჩემი შვილი არ ახსენეს საერთოდ...ჯერ ერთი, დაგვიძახეს, სკამი არ იყო, რომ დავმჯდარიყავი. პუტჩისტები ჰყავდათ დამჯდარი იქ. მეორე კიდევ, ჩემი შვილი თუ არ იყო რაზე დამიძახეს მე, ვინ ვარ? მე არავინ არ ვარ. მე არც 9 აპრილს ვყოფილვარ, აქ არ ვიყავი საერთოდ და საერთოდ არავინ არ ვარ და ჩემი შვილი საერთოდ არ ახსენა." თქვა მან სასახლის დატოვებისას რუსთავი 2-თან.

სალომე ზურაბიშვილს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. მან კომენტარი არც 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შემდეგ გააკეთა.

განმარტება გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ. მისი თქმით ეს ტექნიკური შეცდომა იყო, თამარ ჭოველიძის სახელი სიაში არ იყო გამორჩენილი და, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ტექსტის წაკითხვის დროს ერთი ხაზიდან მეორეზე გადავიდა. ჟვანიას თქმით, შესაძლოა სწორედ ამიტომ წაიკითხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა გვარები ხელმეორედ.

კომენტარები