შავგულიძე: ივანიშვილს იმდენად სჭირდება მურუსიძის დადებითად წარმოჩენა, სიცრუეს არ ერიდება

ტაბულა

პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს პასუხობს. 

შავგულიძის თქმით, ივანიშვილს იმდენად სჭირდება მისგან კონტროლირებადი მოსამართლეების, მათ შორის ლევან მურუსიძის დადებითად წარმოჩენა საზოგადოებისთვის, რომ ამისთვის ცილისწამებასაც არ ერიდება. 

"ეტყობა, ბატონ ივანიშვილს იმდენად სჭირდება მისგან კონტროლირებად მოსამართლეთა დადებითად წარმოჩენა საზოგადოების თვალში და მათი შენარჩუნება სასამართლო სისტემაში, რომ ამისათვის სიცრუეს და ცილისწამებას არ ერიდება,"- თქვა შავგულიძემ 10 აპრილს გამართულ ბრიფინგზე. 

შავგულიძის თქმით, ივანიშვილის მიერ ცილისწამების ერთერთი მიზეზი მაისში დაგეგმილი შუალედური არჩევნებია. 

"კიდევ ერთი მიზეზით შეიძლება აიხსნას ბატონი ივანიშვილის ამგვარი საქციელი. როგორც ჩანს, ბატონი ივანიშვილი ძალიან შეაშფოთა თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს ბლოკად გაერთიანებამ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში და აღარაფერს ერიდება ჩემი, როგორც ამ ბლოკის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დისკრედიტაციისთვის. 

ვფიქრობ, რომ წარმატებული არ იქნება, ბატონო ბიძინა, თქვენი ეს მცდელობა,"- ამბობს შავგულიძე. 

ივანიშვილმა 9 აპრილს ტვ იმედის გადაცემაში საუბრისას სანდრო გირგვლიანის საქმეში ლევან მურუსიძის გასამართლებლად თქვა, რომ მურუსიძე საქმეს პირველ ინსტანციაში ვერ დააბრუნებდა, რადგან გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ნახეთ შალვა შავგულიძის ვრცელი პასუხი - რატომ არ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში. 

კომენტარები