ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ბახტაძე ევროსაბჭოში: 9 აპრილის მსხვერპლით საქართველომ თავისი ევროპული იდენტობა დაიბრუნა

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

"გუშინ, 9 აპრილს, საქართველომ 30 წლისთავი აღნიშნა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1989 წელს საბჭოთა კავშირიდან თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული ანტი-საბჭოთა მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, სასტიკად იქნა დარბეული საბჭოთა ჯარის მიერ ტანკებისა და იარაღების გამოყენებით" - ასე დაიწყო მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა.

პრემიერმინისტრის თქმით, ამ ტრაგედიის მსხვერპლით საქართველომ თავისი ევროპული იდენტობა დაიბრუნა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისი გამოსვლა 9 აპრილის დაღუპულებს ეძღვნება.

"მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ ისე ცხადად მახსოვს, თითქოს გუშინ იყო. 1989 წლის 9 აპრილს მცირე ერი გაერთიანდა თავისუფლებისა და სუვერენული არსებობის დასაცავად. იმ დღეს ქართველმა ერმა გაბედა გაერთიანებისა და სიტყვის თავისუფლებით ესარგებლა საბჭოთა კავშირში. ეს მცდელობა სისხლით ჩაახშეს, თუმცა მათი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის არ ყოფილა დაკარგული. იმ ტრაგიკული მოვლენიდან 2 წლის შემდეგ ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ამ ბრძოლითა და მსხვერპლით საქართველომ დაიბრუნა თავისი ევროპული იდენტობა, რაც ასე შორს გვეჩვენებოდა 30 წლის წინ" - თქვა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრის შეფასებით, იმ წლების შემდეგ ქვეყანას ბევრი გამოწვევა შეხვდა, - "გამოწვევევის მიუხედავად, მაინც ბევრის მიღწევა მოვახერხეთ. თითქმის შეუძლებელი შევძელით!"

კომენტარები