საბავშვო ბაღები

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა - ბაღების მომმარაგებელს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

0 კომენტარი
ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოზურგეთში ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, რის გამოც შპს "სოფოს" საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე საბავშვო ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. შპს „სოფოს“ შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, კონდენსატის არსებობა მაცივარში და კოროზირებული მილი, ხორცის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების დარღვევა - შეცვლილი ფერი და კონსისტენცია, რის გამოც ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა", - აღნიშნულია სეს-ის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში დაილუქა 164 კგ-მდე საქონლის ხორცი და 207 კგ ქათმის ფილე, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები