მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოში

რა ნაბიჯებს გადადგამს მთავრობა ლგბტ პირების შეკრების თავისუფლებისთვის - ბახტაძის პასუხი

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, უახლოესი საკანონმდებლო ცვლილებები არის იმის გარანტია, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა უმაღლეს დონეზეა.

ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის კითხვას ლგბტ ადამიანების შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით.

პრემიერს ჰკითხეს: ბატონო პრემიერმინისტრო, თქვენ ბევრი ისაუბრეთ ადამიანის უფლებების დაცვაზე, მაგრამ 2018 წელს მარში ორგანიზატორები თბილისში ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ იძულებული იყვნენ ღონისძიება გაეუქმებინათ ულტრა-მემარჯვენეების და ექსტრემისტების მხრიდან საფრთხის და პოლიციის მხრიდან დაცვის ნაკლის გამო. ეს უახლესია იმ პრობლემების სიაში, რაც დგას ლგბტი თემის წინაშე შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენების კუთხით. რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ახლა თქვენი მთავრობა რათა უზრუნველყოს, რომ ლგბტი თემმა ისარგებლოს ამ საბაზისო უფლებით.

მამუკა ბახტაძის თქმით ექსტრემისტების პოვნა ნებმისმიერ ქვეყანაში შეიძლება.

"რამდენიმე წლის წინ, როგორც იცით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი და ეს იყო წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი. რაც შეეხება იმ ჯგუფებს, რომლებიც ახსენეთ, ულტრა-მემარჯვენეები და ექსტრემისტები, თუ რაც არიან, ესენი არიან მარგინალიზებული ჯგუფები და ასეთი ჯგუფების პოვნა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება. გთხოვთ, დარწმუნებული იყავით, რომ საკანონმდებლო დონეზე საქართველოში ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით და ვამაყობთ ევროპელი მეგობრების რეკომენდაციებით, რათა გავაძლიეროთ ეს. მსურს დავუბრუნდე ჩემს მთავარ არგუმენტს, რომელიც არის კანონმდებლობა. ამ მიმართულებით გადავდგით ძალიან ძლიერი ნაბიჯები და, რა თქმა უნდა, თუ არის რამე მიმართულება, რომელშიც კანონმდებლობა უნდა გავაძლიეროთ, რა თქმა უნდა, გვაქვს ამის სურვილი. მაგრამ, უახლესი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მივიღეთ არის ძალიან ძლიერი გარანტია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა არის უმაღლეს დონეზე", - თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდი გაიმართება. დაგეგმილია სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება. პრაიდის კვირეულს დაასრულებს ღირსების მარში, რომლის ფორმა არ იქნება საზეიმო და კარნავალური. ორგანიზატორები ამის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ "სამწუხაროდ, საქართველოში დღეს ქვიარებს არ გვეზეიმება".

კომენტარები