მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოში

ბახტაძე: ია კერზაიას საქმეს ზოგიერთი პოლიტიკური პარტია სპეკულაციებისთვის იყენებს

ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ია კერზაია
fb.com

"ია კერზაიას საქმეს ზოგიერთი პოლიტიკური პარტია სპეკულაციებისთვის იყენებს" - ასე პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ია კერზაიას გარდაცვალების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. 

"რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა ადამიანური ტრაგედია იყო. მსურს, მივუსამძიმრო ია კერზაიას ოჯახის წევრებს. ამავე დროს, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს ამ ტრაგედიას. მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება უპასუხებს ყველა რელევანტურ შეკითხვას ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით", - თქვა ბახტაძემ. 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. ის სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, საქმის გამოძიებისკენ მოუწოდეს. 

კომენტარები