ტაქსების რეგულირება

მერია ტაქსის მძღოლებს გადაღებვის ალტერნატივას სთავაზობს - რა დაჯდება ფირის გადაკვრა?

0 კომენტარი

თბილისის მერმა კახა კალაძემ 11 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მერია ტაქსის მძღოლებს შესთავაზებს, მანქანებს თეთრად შეღებვის ნაცვლად, თეთრი ფირი გადააკრან.

კალაძის თქმით, ცვლილების მიზეზი მძღოლების პროტესტი გახდა მანქანების გადაღებვის შედეგად მათი ღირებულების შემცირების გამო.

“გადაღებვის თანხები რომ არ დააწვეს ტაქსის მძღოლებს, ეს პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენ და ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ განახორციელოს გადაღებვითი სამუშაოები. აქ ტაქსის მძღოლებს არც ერთი თეთრი არ უჯდებათ ავტომობილების გადაღებვა. თუმცა მათ გამოთქვეს სურვილი, რომ შეიძლება, გადაღებილი ავტომობილი, წლების შემდეგ ისეთ ფასში ვერ გაყიდონ, როგორც მათ სურთ და ერთ-ერთი მოთხოვნა საინიციატივო ჯგუფის იყო, რომ ეს პრობლემა როგორმე ყოფილიყო მოგვარებული. აქაც მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ თუ გადაღებვა არ სურთ, თეთრი ფირი გადააკრან. ამასაც ჩვენ ვაკეთებთ მათი მხრიდან ყველანაირი გადასახადების გარეშე” - აცხადებს თბილისის მერი.

რა ჯდება ფირის გადაკვრა?

მერიაში ტაბულას განუმარტეს, რომ მძღოლებს არჩევანი ექნებათ გადაღებვასა და ფირის გადაკვრას შორის და ორივე შემთხვევაში ისინი 700 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.

ტაბულა დაუკავშირდა კომპანიებს, რომლებიც მძღოლებს ავტომობილისთვის ფირის გადაკვრას სთავაზობენ. როგორც განგვიცხადეს, ფირის გადაკვრის ფასები 800 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია ფირის ხარისხსა და მანქანის მდგომარეობაზე.

კიდევ ერთ მსგავს კომპანიაში ტაბულას უთხრეს, რომ “ტოიოტა პრიუსისთვის” ფირის გადაკვრა 1200 ლარამდე დაჯდება. იგივე ავტომობილისთვის მოდელისთვის, ზოგი კომპანია 1200 დოლარს მოითხოვს.

განსხვავებით თეთრად შეღებვისგან, ფირის გადაკვრას ნაკლები დრო დასჭირდება. თუ გადაღებვის გამო მძღოლი დაახლოებით ათი დღის მანძილზე მანქანის და შესაბამისად, შემოსავლის გარეშე რჩებოდა, ფირის გადაკვრას 2-3 დღე დასჭირდება. თუმცა, ზოგიერთი კომპანიისთვის სამუშაოს შესრულებას 5-7 დღეც კი შეიძლება დასჭირდეს.

ტაქსის მძღოლები ჩიოდნენ, რომ 700 ლარიანი ვაუჩერი მანქანის შესაღებად საკმარისი არ იქნებოდა და მათ თანხის დამატება საკუთარი ჯიბიდან მოუხდებოდათ.

ტაბულას რეპორტაჟს ტაქსის რეგულაციების სავარაუდო შედეგებზე შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნოე სულაბერიძე

კომენტარები