სექსუალური შევიწროება

The Daily Telegraph-ს ჯეფრი რაშის რეპუტაციის შელახვისათვის $850,000-ის გადახდა დაეკისრა

ჯეფრი რაში
Getty Images

ცნობილმა ავსტრალიელმა მსახიობმა The Daily Telegraph-ს სასამართლო დავა მოუგო. მსახიობი გამოცემას რეპუტაციის შელახვისათვის უჩიოდა.

მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში რაში კოლეგის, ერინ ნორვილის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

სასამართლომ რაშის კოლეგებს და რეჟისორსაც მოუსმინა, ვინც იმ პერიოდში მასთან და ნორვილთან ერთად მუშაობდნენ. მათი ჩვენებები ნორვილისას ეწინააღმდეგებოდა. სასამართლომ დაასკვნა, რომ ნორვილის ბრალდებები არათანმიმდევრული იყო და შესაძლოა გაზვიადებული ყოფილიყო. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოცემა ბრალდებების გადასამოწმებლად თავად ნორვილს არ დაუკავშირდა, რასაც მოსამართლემ "უგუნურად უპასუხისმგებლო სენსაციონალისტური ჟურნალისტიკის ყველაზე ცუდი მაგალითი" უწოდა.

სასამართლომ გამოცემას მსახიობის რეპუტაციის შელახვისათვის 850,000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. ეს თანხა გაიზრდება, რადგან კიდევ ერთ სხდომაზე სასამართლო განიხილავს რა ოდენობის კომპენსაცია უნდა დაეკისროს გამოცემას იმ ანაზღაურების გამო, რაც რაშმა ამ პერიოდში მათი ბრალდებების გამო დაკარგა. რაშის საშუალო ჰონორარის გათვალისწინებით თანხამ შესაძლოა 25 მილიონამდე შეადგინოს.

კომენტარები