ევროსაბჭოს თავმჯდომარე

საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ანბანით უწევს, ბახტაძის თქმით, რეფორმების გამო ხდება

ევროსაბჭო

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძის თქმით, ის, რომ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, მოქმედი ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგია. ამის შესახებ პრემიერმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს თავმჯდომარეები ქვეყნები ანბანის რიგითობის მიხედვით ხდებიან. 

„წლის ბოლოს ჩვენ ვხდებით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს, ეს არის იმ რეფორმების აღიარება, რომელიც ჩვენ გავატარეთ; ეს არის აღიარება იმისა, რომ ის რეფორმები, რომელსაც ჩვენ გავატარებთ, ასეთივე წარმატებული იქნება. საქართველო გააგრძელებს წარმატებულ სვლას ევროპისკენ. დღეს სიმბოლური დღეა. 20 წლის წინ საქართველო გახდა ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის წევრი და მე გუშინდელი დღესავით მახსოვს ეს მოვლენები. ეს იყო ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი წარმატებული ფურცელი გველოდება ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე", - თქვა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ევროსაბჭოს ოფიციალურ გვერდზეც არის განმარტებული, თავმჯდომარე ქვყენას 6 თვეში ერთხელ მაისში და ნოემბერში ინგლისური ანბანის რიგითობის მიხედვით ირჩევენ. 

ევროსაბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანა ახლა ფინეთია. ანბანის რიგის მიხედვით, მაისში საფრანგეთი გახდება, ნოემბერში კი, საქართველო.

კომენტარები