სასამართლო სისტემა

ბესელია: იუსტიციის საბჭოს მდივანზე ჩანაწერი კონსტიტუციაში კობახიძეს ჩინჩალაძემ გააკეთებინა

პარლამენტი

საქართველოს ახალ კონსტიტუციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თაობაზე ჩანაწერი მიხეილ ჩინჩალაძის ინიციატივით გაკეთდა

ეკა ბესელიას თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი მთლიანად ირაკლი კობახიძეს მიჰყავდა, მან არც ვენეციის კომისიის შენიშვნები გაითვალისწინა, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, სასამართლოს დაკომპლექტების შესახებ კი მიხეილ ჩინჩალაძემ გააკეთებინა კონკრეტული ჩანაწერები. 

ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ვანო ზარდიაშვილის დასმულ კითხვას უპასუხა ბესელიას კანონპროექტის არაკონსტიტუციურობაზე შენიშვნების შესახებ. 

ზარდიაშვილმა იკითხა:

"კონსტიტუცია, რომელიც ერთხმად მივიღეთ და თქვენი როლი და წვლილიც ამაში დიდია, ამას ვერ დაგიკარგავთ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყავით. ის კონსტიტუცია, რომელიც საზოგადოებას ერთხმად ვახარეთ, რომ მივიღეთ ევროპული, დემოკრატიული, პრინციპებზე დამყარებული კონსტიტუცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას უკეთესი მომავლისკენ წაიყვანს - ამასთან ხომ არ მოდის თქვენი კანონპროექტი წინააღმდეგობაში, მით უმეტეს მაშინ, როცა თქვენ მიერვე დაკომპლექტებულ აპარატს აქვს შენიშვნები არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, იქნებ ამაზე გააკეთოთ განმარტება". 

ბესელიამ უპასუხა: 

"კონსტიტუციური კანონპროექტის პროცესი მთლიანად მიჰყავდა პარლამენტის თავმჯდომარეს ისე, რომ იურიდიულ კომიტეტში ვრცლად მომზადებული შენიშვნები არ გაიზიარა, მათ შორის ბევრი შენიშვნა, რომელიც ჰქონდა ვენეციის კომისიას, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების ნაწილში. [ირაკლი კობახიძე] ექსკლუზიურად მართავდა ამ პროცესს და შემდეგ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება ძალიან რთულად, მაგრამ შესაძლებელი გახდა. კონსტიტუციაში არ ეწერა ის, რომ იმ ხალხს, ვინც მიმართაც არსებობს განსაკუთრებული აგრესია და მიუღებლობა, უვადოდ უნდა ირჩევდეს იუსტიციის საბჭო, ასეთი რამ კონსტიტუციაში არ წერია.

მაგრამ მეორე მოსმენის დროს, შენმა მეგობარმა ჩინჩალაძემ მიუტანა დაწერილი ტექსტი ირაკლი კობახიძეს მის კაბინეტში, სადაც ჩაწერა, რომ იუსტიციის საბჭოს მდივანიც კონსტიტუციაში უნდა ეწეროს და დაამატა მათ შორის იქ არჩევის პროცედურა. ასე რომ შენ, ირაკლი კობახიძემ და მიხეილ ჩინჩალაძემ ერთმანეთში გაარკვიეთ, ეს ჩანაწერი როგორ გაჩნდა იქ, მერე ასევე კითხე შენს მეგობარ კობახიძეს, რა შენიშვნები მქონდა პირადად, რაზე ვათქმევინეთ უარი, ვერ გავატანინეთ და მოგიყვება". 

კომენტარები