ჯულიან ასანჟი

აშშ ჯულიან ასანჟს ჩელსი მენინგთან ერთად ჰაკერულ შეთქმულებაში ადანაშაულებს

ჯულიან ასანჟი
Reuters

აშშ WikiLeaks-ის დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს ყოფილ ამერიკელ სამხედროსთან, ჩელსი მენინგთან ერთად ჰაკერულ შეთქმულებაში ადანაშაულებს.

საბრალდებო ოქმის მიხედვით ასანჟი მენინგს 2010 წლის მარტში სამთავრობო კომპიუტერებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპარვაში დაეხმარა. ოქმი, რომელიც დღეს გასაჯაროვდა გასული წლის 8 მარტსაა ხელმოწერილი.

ასანჟი და WikiLeaks მსოფლიო ყურადღების ცენტრში სწორედ ამ გზით მოპოვებული მასალის გამოქვეყნების შემდეგ მოექცა. ასანჟი ამტკიცებდა, რომ მას ვერ გაასამართლებდნენ, რადგან ის იქცეოდა როგორც ჟურნალისტი, რომელმაც ინფორმაცია გამოაქვეყნა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ასანჟის წინააღმდეგ საქმე ოფიციალურად არ იყო აღძრული, თუმცა სასამართლოს ერთ-ერთ დოკუმენტში მისი სახელის შეცდომით ხსენების გამო ვარაუდობდნენ, რომ საქმე საიდუმლოდ იყო მომზადებული.

ბრიტანეთის პოლიციის მიხედვით, აშშ-მა WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ექსტრადიცია მოითხოვა.

ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში დღეს დააკავეს. ის საელჩოს თავს 2012 წლიდან აფარებდა. მას სექსუალური ძალადობისათვის გასამართლება ემუქრება. მისი დაკავების ორდერი შვედეთს ჰქონდა გაცემული გაუპატიურების ბრალდების გამო. ასანჟი ბრალდებას უარყოფს. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთმა ორდერი გააუქმა დიდი ბრიტანეთის მიერ გაცემული დაკავების ორდერი კვლავ ძალაშია.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი საელჩოში ეკვადორის ელჩმა მიიწვია მას შემდეგ, რაც ეკვადომა ასანჟს თავშესაფარის მინიჭება შეუწყვიტა.

"ჯულიან ასანჟი, 47 წლის, დღეს, ხუთშაბათს, 11 აპრილს, აშშ-ის ხელისუფლების სახელით დავაკავეთ 10:53-ზე, მას შემდეგ რაც მოიყვანეს ლონდონის პოლიციის ცენტრალურ დეპარტამენტში. ექსტრადიციის ორდერი არის ექსტრადიციის აქტის 73 სექციის მიხედვით. ის ვესტმინსტერის სასამართლოს წინაშე უახლოეს პერიოდში წარდგება." ნათქვამია განცხადებაში.

ასანჟი ამბობდა, რომ თუ მისი შვედეთში ექსტრადიცია მოხდებოდა, მას აშშ-ის ძალები დააკავებდნენ და WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ.

ეკვადორის პრეზიდენტის, ლენინ მორენოს თქმით ბრიტანეთმა მას გარანტია მისცა, რომ ასანჟის ექსტრადიცია არ მოხდება იმ ქვეყანაში, სადაც მას სიკვდილით დასჯა დაემუქრება.

"ადამიანის უფლებების და საერთაშორისო კანონებთან შესაბამისობაში, დიდ ბრიტანეთს ვთხოვე არ მომხდარიყო ასანჟის ექსტრადიცია იმ ქვეყანაში, სადაც მას წამება ან სიკვდილით დასჯა დაემუქრებოდა. ბრიტანეთის მთავრობამ ეს წერილობით დამიდასტურა." თქვა მან ტვიტერზე გავრცელებულ ვიდეოში.

ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხედვით ასანჟს 2018 წლის იანვარში მინიჭებული ეკვადორის მოქალაქეობა შეუჩერეს. ეკვადორის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით ასანჟი ეკვადორის შიდა საქმეებში ერეოდა და მასთან დაახლოებული პირები, მათ შორის ორი რუსი ჰაკერი ეკვადორში ცხოვრობენ.

ასანჟი პოლიციის დეპარტამენტიდან ვესტმინსტერის სასამართლოში გადაიყვანეს.

ასანჟის დაკავებას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი. მისი თქმით ასანჟი გმირი არ არის და კანონზე მაღლა არავინ დგას:

"ჯულიან ასანჟი გმირი არ არის, ის სიმართლეს წლების მანძილზე ემალებოდა. სწორია, რომ მისი მომავალი ბრიტანეთის სასამართლო სისტემამ გადაწყვიტოს." თქვა მან.

კომენტარები