არჩევნები 2019

კალაძე შავგულიძის კანდიდატობაზე: კადრების დანახვისას ტელეფონი გამივარდა ხელიდან

ნეტგაზეთი

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო შალვა შავგულიძის დანახვა ევროპული საქართველოს წევრების გვერდით. 

კალაძის თქმით, შავგულიძის მთაწმინდის მაჟორიტარად წარდგენის კადრები როცა ნახა, "ტელეფონი ხელიდან გაუვარდა". 

"ერთ მშვენიერ დღეს, ადამიანი შამპანურით სავსე ჭიქას უჭახუნებს იმ ადამიანს, რომელიც არის იმ გუნდის წევრი, რომელმაც გირგვლიანი მოკლა. მე რომ ვნახე ეს კადრები, ტელეფონი გამივარდა ხელიდან. გულწრფელად გეუბნებით. ნამდვილად არ ველოდები ამას. შესაბამისად, როდესაც სენ პირდაპირ მიბმული ხარ ნაციონალურ მოძრაობაზე, იმას ხომ არ ვიტყვით, ევროპული საქართველო და ენმ განსხვავდება, ეს ერთი ჯგუფია და ცხადია ადამიანებს უჩნდებათ მოსაზრება რომ სენ ხარ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და მათი იდეების გამზიარებელი",- ამბობს კალაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა 9 აპრილს ტვ იმედის გადაცემაში საუბრისას სანდრო გირგვლიანის საქმეში ლევან მურუსიძის გასამართლებლად თქვა, რომ მურუსიძე საქმეს პირველ ინსტანციაში ვერ დააბრუნებდა, რადგან გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 

შავგულიძემ 10 აპრილს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს იმდენად სჭირდება მისგან კონტროლირებულ მოსამართლეთა დადებითად წარმოჩენა საზოგადოების თვალში და მათი სასამართლო სისტემაში შენარჩუნება, რომ ამისთვის სიცრუესა და ცილისწამებასაც კი არ ერიდება. 

შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ კიდევ ერთი მიზეზი, რითიც ივანიშვილის საქციელი იხსნება მთაწმინდის შუალედურ არჩევნებს უკავშირდება. შავგულიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან შეაშფოთა თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს საერთო ბლოკად გაერთიანებამ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში და აღარაფერს ერიდება მისი, როგორც ამ ბლოკის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დისკრედიტაციისთვის. 

21 მარტს, ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა პოლიტიკური ბლოკი შექმნეს და პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, მთაწმინდის ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატი, შალვა შავგულიძე წარადგინეს. 

კომენტარები