მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი

"შევარჩიეთ გამორჩეული კანდიდატი" - "ოცნებამ" მთაწმინდაზე ლადო კახაძე ოფიციალურად წარადგინა

ჩვენ გამორჩეული უბნისთვის შევარჩიეთ გამორჩეული და ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლადო კახაძე - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლადო კახაძის წარდგენაზე თქვა. 

პრემიერის თქმით, ის კახაძის გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

"ლადო კახაძე არის თავის სამშობლოზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი და მან ეს დაამტკიცა თავისი პროფესიული საქმიანობის დროს. ბევრისთვის ლადო არის პროფესიონალიზმის ეტალონი. ლადო კახაძემ თავისი სამოქალაქო აქტივობით დაამტკიცა, რომ ის ყოველთვის ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზეა, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულაციისა და პირადად ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი თვისება. მე დარწმუნებული ვარ, ლადო კახაძე აუცილებლად მოიპოვებს მთაწმინდელების ნდობას და მთაწმინდელებს ეყოლება ძალიან პრინციპული და აქტიური დეპუტატი, რომელიც ყოველთვის დაიცავს თქვენს ინტერესებს",- თქვა მამუკა ბახტაძემ. 

მისივე თქმით, ქართული ოცნება არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია დაიცვას ქართული სახელწიფოს ინტერესები. 

"ჩვენთვის თქვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მთაწმინდა არის ულამაზესი დედაქალაქის გამორჩეული და ისტორიული უბანი. დღეს ქართველ ერს სჭირდება კონსოლიდაცია და ერთსულოვნება. კონსოლიდაცია ჩვენი ეროვნული ინტერესების გარშემო. მე ღრმად მწამს, რომ სწორედ "ქართული ოცნება" გახლავთ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია დაიცვას ქართული სახელწიფოს ინტერესები. შეუძლია დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები და გააერთიანოს ქართული საზოგადოება ამ ინტერესების გარშემო. საქართველოს წინაშე არის ძალიან ბევრი და მტკივნეული გამოწვევა. ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ერთსულოვნებით და მუხლჩაუხრელი შრომით. ჩემს მეგობრებთან ერთად რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ ახალი რეფორმა - ის ეროვნული იდეა, რომელიც აუცილებლად დაგვეხმარება, რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა და ეს არის განათლება",- აღნიშნა პრემიერმა. 

კომენტარები