ზაქარია ქუცნაშვილი

ქუცნაშვილი შალვა რამიშვილზე: შრომის თავისუფლებას პატივს ვცემ

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", ზაქარია ქუცნაშვილი შალვა რამიშვილის მხრიდან პარტიის პიარში მონაწილეობის შესახებ ამბობს, რომ შრომის თავისუფლებას პატივს სცემს.

რამიშვილთან დაკავშირებით 9 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ რუსთავი 2-ის "სცენარებს" ის და მისი POSTV სცემენ პასუხს, თუმცა გაცილებით ცოტა შედეგს იღებენ.

ტაბულამ ზაქარია ქუცნაშვილს ჰკითხა, რა აზრისაა იმაზე, რომ გამოძალვაში ნასამართლევი და სექსუალური შევიწროებაში მხილებული პირი მონაწილეობს იმ პარტიის პიარში, რომლის წევრიც თვითონაა.

"ჩვენი ქვეყანა პარადოქსების ქვეყანაა. ჩვენ გვყავს კანონზე მაღლა მდგომი ექსპრეზიდენტი, კანონის მიღმა მყოფი ოპოზიცია და მსჯავრდებული ჟურნალისტები. ასე რომ, პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ და არაფერი მიკვირს. მე შრომის თავისუფლებას პატივს ვცემ. მიმაჩნია, რომ ცენზურის შემოღება ვის სად აქვს მუშაობის უფლება, არ არის სწორი, იმ იშვიათი გამონაკლისების გარდა, რაც ეხება პედაგოგიურ ან სამედიცინო საქმიანობას. თუ ადამიანი პედაგოგად ან ექიმად არ მუშაობს, სხვა მიმართულებით მისი შრომითი უფლებების შეზღუდვას და ცენზს არ მივიჩნევ მიზანშეწონილად", - თქვა ქუცნაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ტაბულას კითხვა "არის არაპროგრესული და არადემოკრატიული".

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილს ტელეკომპანია იმედის ეთერში თქვა, რომ რუსთავი 2 სცენარებს წერს და "წადი და იმართლე მერე თავი, როგორც გინდა". ივანიშვილის თქმითვე, "მერე გამოდის პატარა შალვა რამიშვილი ან ვიღაც Postv-ში, ამას გასცემს პასუხს, იქ მაყურებლების რაოდენობა გაცილებით ცოტაა და შედეგს იღებენ".

შალვა რამიშვილი წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის პიარს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. 2014 წელს მან ადმინისტრაცია დატოვა და ტელეკომპანია იმედზე გადაცემა გააკეთა. სწორედ ამ გადაცემის თანამშრომელი იყო თათია სამხარაძე, რომელმაც რამიშვილს სექსუალური შევიწროებისთვის უჩივლა და დავა ყველა ინსტანციაში მოუგო. რამიშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა "იმედმა", რის შემდეგაც, მალევე, მან ინტერნეტ ტელევიზია POSTV გააკეთა, რომელიც პროსახელისუფლებო გამოცემაა.

აღსანიშნავია, რომ 2005 წელს შალვა რამიშვილი დეპუტატისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 2009 წელს მან საპატიმრო დატოვა.

კომენტარები