აჭარის ტელევიზია

ბორდის ორი წევრი აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის, ნათია კაპანაძის გადადგომას ითხოვს

facebook.com/natia.kapanadze

მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს ითხოვს.

გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც საბჭოში "ქართული ოცნების" კვოტითაა და ირაკლი დარცმელიძე, რომელიც საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტითაა, ბორდს 15-გვერდიანი წერილით მიმართავენ, სადაც მათი მოთხოვნის მიზეზებზეა საუბარი. 

"დირექტორი პატივს არ სცემს და არ თანამშრომლობს მრჩეველთა საბჭოსთან. მთავარი პრეტენზია არის ის, რომ ტელევიზიის რეიტინგი არის განახევრებული, პრიორიტეტები არ სრულდება და რიგი ფორმალური საკითხები მოუგვარებელია და კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით არის გადაწყვეტილი", - თქვა გიგა ჩხარტშვილიმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

გუშინ, 11 აპრილს განცხადება გაავრცელა საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციამაც და დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნის საკითხი სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხს დაუკავშირა.  

"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ბოლო წლების განმავლობაში დაადასტურა, რომ იგი აუდიტორიას აწვდის ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას. ორგანიზაციამ შეძლო შეექმნა პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი მაუწყებლობა. მიმდინარე პროცესები უპირისპირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას. მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. იმედს ვიტოვებთ, რომ მრჩეველთა საბჭო სიფრთხილით მოეკიდება ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რადგან საქმე სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას ეხება", - წერია მაუწყებლის განცხადებაში. 

გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ არის წარდგენილი საბჭოში, ამბობს, რომ პარტია არაფერ შუაშია.

"არ მგონია, რომ რაიმე კონსულტაცია რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან უნდა გავიარო, არ ვთვლი ანგარიშვალდებულად თავს "ქართული ოცნების" წინაშე. პოლიტიკური პარტიები არაფერ შუაშია. მე გამაკვირვა თანამშრომლების ნაწილის განცხადებამ, იმასთან დაკავშირებით, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობას ექმნება საფრთხე,არ ვიცი ეს რითია გამოწვეული. მე პირადად ვიბრძოლებ ბოლომდე, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იყოს დაცული და ყველა პოზიტიური მიღწევა, რაც აქვს ტელევიზიას, იყოს დაცული", - უთხრა ჩხარტიშვილმა აჭარის ტელევიზიას.

საბჭოს თავმჯდომარე, ნატა იმედაიშვილი ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი დაუჭერს თუ არა მხარს ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს. მისივე თქმით, იყო საკითხები, როცა დირექტორისგან საბჭო პასუხს ვერ იღებდა.

"გადაწყვეტილი რა თქმა უნდა არ მაქვს ჯერჯერობით. იმიტომ, რომ ჩვენ პროცედურულად გვაქვს ასეთი საკითხი, რომ უნდა მოვუსმინოთ განცხადების შემომტანებს, გავეცნოთ მათ არგუმენტებს დაბეჯითებით და ძალიან დიდი გულისყურით. მერე რა თქმა უნდა, უნდა მოვუსმინოთ დირექტორს. ჩვენთან შემოვიდა ეს საკითხი, მაგრამ დეტალურად მისი გაცნობა არ მომხდარა. მე ვცდილობდი საბჭოს ყველა წევრისთვის ეს წერილი ყოფილი ერთნაირად საპასუხისმგებლო", - ამბობს ნატა იმედაიშვილი აჭარის ტელევიზიასთან.

მრჩეველთა საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ბეჟან გობაძე კი აღნიშნავს, რომ თუ ტვინი არ გადაუბრუნდა, იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს

"არ დავუჭერ მხარს. ნუ, ახლა, არ ვიცი თუ რაღაც ტვინი გადამიბრუნდა... მიმაჩნია, რომ არანაირი არსებითი რაღაცა არ არის დირექტორის იმპიჩმენტისთვის. ვარაუდის დონეზე შემიძლია რაღაც ვიფიქრო, თუმცა მტკიცებით ფორმაში, რომ მათ [ჩხარტიშვილი და დარცმელიძე] უკან ვინმე დგას, ვერ ვიტყვი", - ამბობს ის აჭარის ტელევიზიასთან.

დღესვე, განცხადება გაავრცელა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომლის კვოტით არჩეული ირაკლი დარცმელიძე ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს ითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ გმობენ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორზე პოლიტიკურ ზეწოლას.

მრჩეველთა საბჭოში სულ 5 წევრია, დირექტორის იმპიჩმენტისთვის საჭიროა სამი ხმა. ნატა იმედაიშვილის მსგავსად, უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭოს კიდევ ერთი წევრი, გიორგი ირემაძე. იმპიჩმენტის კიდევ ერთი მხარდამჭერის არსებობის შემთხვევაში, ნათია კაპანაძეს თანამდებობის დატოვება მოუწევს.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 2016 წელს აირჩიეს. მან მოვალეობის შესრულება წლის ბოლოს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ტელევიზია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაში მოხვდა როგორც მიუკერძოებელი და დაბალანსებული.

კომენტარები