ნარკოდანაშაული

შსს: ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის მორიგი სქემა გამოვავლინეთ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დანაშაულებრივი დაჯგუფების 2 წევრი - 1975 წელს დაბადებული ა.ზ. და 1998 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს.

"სამართალდამცველების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ა.ზ. ორგანიზებას უწევდა დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრებიც მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში სარეალიზაციოდ ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, კერძოდ, აფასოებდნენ და შემდგომ სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე, სამალავებში ათავსებდნენ.

დაჯგუფების წევრები აღნიშნული სამალავების მისამართებს ნარკოტიკული საშუალებების შეძენის მსურველ პირებს ატყობინებდნენ, რაშიც თანხას დისტანციური არხებით იღებდნენ", - აღნიშნავენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩატარებული ა.ზ.-ს საცხოვრებელი ბინის და ამავე ბინაში მყოფი 6 პირის პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: "ემბაუმი", "ექსტაზი", "ჰაშიში" და​ ე.წ. "ბიო" ამოიღეს.

ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციამ თბილისში ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მითითებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მათივე ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 2- თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, მხილებული არიან დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებიც.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით 
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები