ნინო გოგუაძე

გოგუაძე სააკაშვილზე: კოლონიები ჰყავს რუსეთს, დასავლეთი კი პარტნიორების და ღირსების ადგილია

ტაბულა

საარჩევნო ბლოკ ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების წევრი, ნინო გოგუაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ სიტყვების ავტორი რომ არ სცოდნოდა, "პატრიოტთა ალიანსის" რომელიმე წევრი განცხადება ეგონებოდა.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ ძალიან წარმატებული უკრაინა და საქართველო არავის სჭირდება და დასავლეთსაც კოლონიალური მიდგომები აქვს.

"მართალი გითხრათ, რომ არ მცოდნოდა, რომ მიხეილ სააკშვილის განცხადებაა, ვიფიქრებდი, რომ პატრიოტთა ალიანსის ან ნინო ბურჯანაძის რომელიმე წევრის მიმართვაა. ჩვენ დიდხანს ვცხოვრობდით რუსეთის კოლონიაში და ძალიან კარგად ვიცით რას ნიშნავს რუსეთის კოლონიად, რუსეთის გავლენის სფეროში ყოფნა. იმიტომაც მივისწრაფვით ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ, რომ სწორედ თავისუფლება მოვიპოვოთ და დავეხსნათ რუსულ სივრცეს. ​რუსეთს არ ჰყავს პარტნიორები, მას ჰყავს კოლონიები, მონები. ხოლო დასავლეთი სწორედაც რომ პარტნიორების ადგილია, სადაც თავისუფლება, ადამიანის ღირსება და უფლებები არის მაქსიმალურად დაცული", - ამბობს ნინო გოგუაძე ტაბულასთან.

ის იმედს გამოთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებაზე ნაციონალური მოძრაობის წევრები გააკეთებენ განმარტებას.

"ასეთი ტოლობის დასმა დასავლეთსა და რუსეთს შორის, არ ვიცი რას ემსახურება და დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ მისი პარტიის წევრები გააკეთებენ განმარტებას მათი ლიდერის ამ მიმართვაზე და აგვიხსნიან რას გულისხმობდა ის, რადგან როგორც მიხელ სააკაშვილი, ასევე მისი პარტია დიდი ხანია აცხადებენ, რომ დასავლური კურსის არიან", - აღნიშნავს გოგუაძე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, გუშინ, 12 აპრილს, ვარშავაში უკრაინელებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ძალიან წარმატებული უკრაინა და საქართველო არავის სჭირდება და "ევროპელებს სურთ, რომ უკრაინა არსებობდეს, რომ ის იყოს წარმატებული, თუმცა რაღაც ჩარჩოების ფარგლებში".

"ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ვლადიმერ პუტინი, რომელსაც უკრაინა საერთოდ არ სჭირდება, ვისთვისაც უკრაინა ანაქრონიზმია, ვერ ხვდება, რატომაა, რისთვისაა ეს ქვეყანა. მეორე მხრივ კი, არის დასავლეთი, რომელსაც ასევე კოლონიალური მიდგომები აქვს, რომ კი, იყოს უკრაინა, არსებობდეს, ოღონდ სადღაც კუთხეში. მათ უკრაინა სჭირდებათ, როგორც სამუშაო ძალა", - თქვა სააკაშვილმა.

კომენტარები