გიგი უგულავა

უგულავა: რუსეთის კონტექსტში ევროპაზე "კოლონიალიზმის" გამოყენება ფუნდამენტურად არასწორია

გიგი უგულავა
ტაბულა

სარჩევნო ბლოკ ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ეხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას და ამბობს, რომ რუსეთთან რაიმე ტიპის ბმაში ევროპაზე სიტყვა "კოლონიალიზმის" გამოყენება ფუნდამენტურად არასწორია და შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ტოლობის ნიშანია დასმული.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ ძალიან წარმატებული უკრაინა და საქართველო არავის სჭირდება და დასავლეთსაც კოლონიალური მიდგომები აქვს.

გიგი უგულავას თქმით, სააკაშვილის მიერ ძალიან ბევრი საკამათო თეზისია გამოთქმული და მეტიც - იძლევა ისეთი ინტერპრეტაციების შესაძლებლობებს, რომ "საზიანოც შეიძლება იყოს უკრაინისა და საქართველოსთვის".

"ევროკავშირისა და საერთაშორისო ინსტიტუტების ბიუროკრატიზმი, ხშირად არის ხოლმე შემაფერხებელი ფაქტორი სწრაფი განვითარებისთვის, როცა ქვეყანაში რეფორმისტული მთავრობაა, მაგრამ მტკიცება იმისა რომ მათ მხოლოდ "გარკვეულ ჩარჩოებში" სურთ ჩვენი განვითარება, ფუნდამენტურად არასწორია. მარტივი ლოგიკაა - ყველას აწყობს მეზობლად ჰყავდეს არააგრესიული და განვითარებული მეზობელი, რადგან ეს ორმხრივი სარგებლობის მომტანია. "ევროპას ჩვენი მუშა ხელი უნდა მხოლოდ" - მცდარია. თუ რამეზეა დღეს ევროპაში კამათი, ეს მიგრანტების თემაა. ბრექსითის ერთ ერთი განმაპირობებელი მიზეზიც პოლონელი მუშა ხელის "სიმრავლე" იყო. 21-ე საუკუნეში ევროპის კოლონიალისტურ პოლიტიკაზე უკიდურესი მემარცხენეებიც კი აღარ საუბრობენ (ამერიკისგან განსხვავებით. აქაც ცხადია დაუმსახურებლად), რადგან ასეთი დიდი ხანია აღარ არსებობს. ის რაც ჩვენ ცალსახად არ მოგვწონს, გვაღიზიანებს - ეს ევროკავშირის ბიუროკრატიზმია, ოღონდ ამას "კოლონიალიზმი" არ ჰქვია. რუსეთის კონტექსტში, ან რუსეთთან რაიმე ტიპის ბმაში ევროპასთან ამ ტერმინის ხმარება კი ფუნდამენტურად არასწორია, რადგან საუბრის კონტექსტის მიღმა, ის შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს ტოლობის ნიშანია დასმული", - წერს უგულავა ფეისბუქზე.

​მისივე თქმით, სააკაშვილის განცხადება ილიას თეზისის "ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს" აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციაა.

ასევე, გიგი უგულავა სააკაშვილს და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ღია ფეისბუქ დისკუსიას სთავაზობს.

"ბატონო მიხეილ, მოდით, რადგან ჩვენი გამონათქვამები ხშირად საკამათოა, მინდა შემოგთავაზოთ თქვენ და ენმ-ს, გვქონდეს ღია ფეისბუქდისკუსია ამგვარ მნიშვნელოვან თემებზე. ამით ვანახებთ ჩვენს საზოგადოებას სად ემთხვევა ჩვენი პოზიციები, სად განსხვავდება. მოვახერხოთ ეს, ქოცებისგან განსხვავებით, საქმიანად, ემოციის გარეშე და ურთიერთპატივისცემით. ამით ვანახოთ მაგალითი, რომ თუნდაც ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიციების შემთხვევაში, შეგვიძლია დიალოგი, რაც მნიშვნელოვანია საერთო მიზნის - ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების - მისაღწევად. მარტივად, ასე უფრო დაგვიჯერებს ხალხი", - წერს უგულავა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, გუშინ, 12 აპრილს, ვარშავაში უკრაინელებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ძალიან წარმატებული უკრაინა და საქართველო არავის სჭირდება და "ევროპელებს სურთ, რომ უკრაინა არსებობდეს, რომ ის იყოს წარმატებული, თუმცა რაღაც ჩარჩოების ფარგლებში".

"ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ვლადიმერ პუტინი, რომელსაც უკრაინა საერთოდ არ სჭირდება, ვისთვისაც უკრაინა ანაქრონიზმია, ვერ ხვდება, რატომაა, რისთვისაა ეს ქვეყანა. მეორე მხრივ კი, არის დასავლეთი, რომელსაც ასევე კოლონიალური მიდგომები აქვს, რომ კი, იყოს უკრაინა, არსებობდეს, ოღონდ სადღაც კუთხეში. მათ უკრაინა სჭირდებათ, როგორც სამუშაო ძალა", - თქვა სააკაშვილმა.

კომენტარები