ნარკოდანაშაული

საქართველოში ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1962 წელს დაბადებული ე. ზ. დააკავა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ე.ზ. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში, საბაჟო-გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" 15 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო", - ამბობენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები