უკრაინა

ზელენსკი პოროშენკოსთან დებატებისათვის სტადიონზე არ მივიდა

პეტრო პოროშენკო
EPA

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კიევში სტადიონზე არჩევნების მეორე ტურის წინ პოლიტიკური დებატებისათვის მივიდა, თუმცა მისი მოწინააღმდეგე ვოლოდიმირ ზელენსკი არ გამოცხადდა.

პოროშენკომ სტადიონზე შეკრებილ ათასობით ადამიანს მიმართა. მან თქვა, რომ ზელენკის დებატების შეეშინდა:

"თუ ის ისევ ემალება ხალხს, ისევ ეშინია, ჩვენ კიდევ დავპატიჟებთ, ჩვენ დავპატიჟებთ მას ყოველ დღე ყველა გადაცემაში რათა მთელმა ქვეყანამ ნახოს, ვის ირჩევს ქვეყნის პრეზიდენტად შემდეგი 5 წლის განმავლობაში." თქვა მან.

მან ზელენსკისაც მიმართა და თქვა, რომ ის ალბათ პარიზში მაკრონთან შეხვედრის შემდეგ ისვენებს, მაგრამ იცის, რომ დებატებს უყურებს.

ჟურნალისტების კითხვაზე ითანამშრომლებს თუ არა ზელენსკისთან მისი გამარჯვების შემთხვევაში პოროშენკომ უპასუხა:

"თუ, ღმერთმა არ ქნას და ის არიჩიეს, ეს მაინც უკრაინელი ხალხის არჩევანი იქნება და მე პატივს ვცემ მას."

არსებული გამოკითხვებით მეორე ტურში ზელენსკი გაიმარჯვებს.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. პირველ ტურში ზელენსკიმ ხმების 30.24% მიიღო, ხოლო პოროშენკომ 15.95%.

შეგახსენებთ, რომ დებატების ინიციატორი ზელენსკი იყო. თუმცა, პოროშენკოს დებატები 14 აპრილს სურდა, ხოლო ზელენსკის 19 აპრილს, არჩევნების მეორე ტურამდე 2 დღით ადრე.

სტადიონ "ოლიმპიკზე" დებატების ჩატარების ინიციატორი ზელენსკი იყო. ამ იდეით ის 4 აპრილს გამოვიდა და მოქმედ პრეზიდენტს მოსაფიქრებლად 24 საათი მისცა. 

უკრაინის საარჩევნო კომისიამ კანდიდატებს შესთავაზა დამოუკიდებლად გადაიხადონ ღონისძიების საფასური, რადგანაც ის წინასაარჩევნო აგიტაციად შეიძლება, ჩაითვალოს. თუკი დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე ჩატარდებოდა, კანონის მიხედვით, ის 19 აპრილს გაიმართებოდა. 

კომენტარები