ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავის, ოდრი ჰეფბერნის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არ არის ცნობილი. თავად მსახიობი ამაზე იშვიათად საუბრობდა, თუმცა ახალი წიგნი, რომელიც რობერტ მაცენმა დაწერა სწორედ მისი ცხოვრების ნაკლებად ცნობლი მხარის შესახებ მოგვითხრობს.
ოდრი ჰეფბერნი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰოლანდიის წინააღმდეგობის მოძრაობისათვის ჯაშუშობდა.
წიგნის სათაური იქნება "ჰოლანდიელი გოგონა: ოდრი ჰეფბერნი და მეორე მსოფლიო ომი" და მას GoodKnight Books-ს გამოსცემს. წიგნი მეორე მსოფლიო ომის დროს ჰეფბერნის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ავტორმა ინფორმაცია მსახიობის ოჯახის წევრების მონათხრობიდან და დღიურებიდან მოაგროვა.
ოდრი ჰეფბერნი 1929 წელს ბელგიაში დაიბადა. 1935 წელს მისი ოჯახი ლონდონში გადავიდა, თუმცა დაახლოებით ამ პერიოდში დაშორდნენ მისის მშობლები და 1939 წელს ჰეფბერნის დედის გადაწყვეტილებით ის და ოდრი ჰოლანდიაში გადასახლდნენ. ის 10 წლის იყო, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მისი მშობლები თავდაპირველად ნაცისტების მხარდამჭერები იყვნენ და 1935 წელს პირადად ჰიტლერსაც კი შეხვდნენ, თუმცა მისმა დედამ ოკუპაციის შემდეგ აზრი შეიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ჰეფბერნის დედა არისტოკატული წარმოშობის იყო, ოჯახს უჭირდა. ნაცისტური გერმანია ჰოლანდიაში 1940 წელს შეიჭრა.
"პირველი რამდენიმე თვე კარგად არ ვიცოდით რა ხდებოდა. მე უბრალოდ სკოლაში დავდიოდი. სკოლაში ბავშვები ასეთ მაგალითებზე სწავლობდნენ მათემატიკას: "თუ 1,000 ინგლისური ბომბდამშენი ბერლინს დაესხმება თავს და 900-ს ჩამოაგდებენ, რამდენი დაბრუნდება ინგლისში?" იხსენებდა ჰეფბერნი.
მისი თქმით რეალობიდან გაქცევაში ცეკვა ეხმარებოდა. მან ბალეტის სწავლა ინგლისში დაიწყო და ჰოლანდიაში გააგრძელა. ჰეფბერნს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ პროფესიონალი ბალერინა უნდა გამოსულიყო. ამ პერიოდში ჰეფბერნის ბიძა დააპატიმრეს და ტყეში დახვრიტეს. ამის გამო დედამ ოდრი ბაბუასთან საცხოვრებლად პატარა ქალაქ ველპში წაიყვანა.
ოდრი ჰეფბერნი იხსენებდა, რომ იმ პერიოდში ყველგან სისასტიკეს ხედავდა. მათ შორის როგორ ავსებდნენ მატარებლებს ებრაელებით:
"ძალიან მკვეთრად მახსოვს, ერთი პატარა ბიჭი მშობლებთან ერთად იდგა პლატფორმაზე, ძალიან ფერმკრთალი, ქერა, ძალიან დიდი ზომის პალტოთი და ის მატარებელში ავიდა. მე მაშინ ბავშვი ვიყავი და ბავშვს ვუყურებდი. მხოლოდ შემდეგ გავიაზრე რა დაემართა მას."
1944 წლის ზაფხულში კი მან მიწისქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობასთან დაამყარა კავშირი. ის მოხალისედ მუშაობდა ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც მიმალვაში მყოფ პირებს ეხმარებოდნენ.
ჰეფბერნი ცეკვასაც იყენებდა. ის არალეგალურ პეფორმანსებს ატარებდა დახურულ ღონისძიებებზე, სადაც წინააღმდეგობის მოძრაობისათვის აგროვებდნენ სახსრებს.
"გარეთ მცველები იდგნენ, რომ გერმანელების მოახლოება ეცნობებინათ. საუკეთესო აუდიტორიას, რომელიც მყოლია, ხმაც კი არ ამოუღია პერფორმანსის დასასრულის შემდეგ." იხსენებდა მსახიობი.
ოდრი ჰეფბერნი წინააღმდეგობის მოძრაობის გაზეთსაც ავრცელებდა, რომელიც ხელსახოცისხელა ქაღალდზე იყო დაბეჭდილი. მსახიობი იხსენებდა, რომ გაზეთებს წინდებში ილაგებდა და ველოსიპედით დაჰქონდა დასარიგებლად.
იმის გამო რომ ჰეფბერნი ინგლისში ცხოვრობდა და ინგლისური იცოდა მას მოკავშირეების პილოტებთან გზავნილების მისაწოდებლადაც უშვებდნენ. გარკვეული დროით მისმა ოჯახმა ინგლისელი პილოტიც კი შეიფარა და საკუთარ სახლში მალავდა. ამ დროს მსახიობი მხოლოდ 15 წლის იყო. მისი შვილის, ლუკა დოტის თქმით ოდრის ეს ისტორია განსაკუთრებით უყვარდა და ხშირად უყვებოდა.
ომის ბოლო წლებში ოჯახმა უკიდურესი გაიჭირვება და შიმშილობაც გადაიტანა.
ომის დასრულების შემდეგ ოდრიმ ცეკვა გააგრძელა და მოდელობაც დაიწყო, ამას კი სამსახიობო კარიერა მოჰყვა. მისი საბალეტო კარიერა მაშინ დასრულდა, როდესაც ლონდონში დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ პროფესიონალი ბალერინობისათვის ზედმეტად მაღალი იყო. ამის შემდეგ მან მთელი ყურადღება სამსახიობო კარიერაზე გადაიტანა. ჰეფბერნი ამერიკაში 1951 წელს ჩავიდა და ბროდვეიზე გამოჩნდა. მას დედა თან არ ახლდა, რადგან, მიუხედავად ომის დროს წინააღმდეგობის მოძრაობისათვის გაწეული დახმარებისა, ზოგს ის კვლავ ნაცისტების მოკავშირედ მიაჩნდა, რასაც ის ბოლომდე უარყოფდა. მიუხედავად ამისა მას აშშ-ში ჩასვლის ნება არ მისცეს.
"ომი ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის. მან ის იმ პიროვნებად აქცია, რაც იყო." ამბობს ოდრი ჰეფბერნის შვილი წიგნში "ჰოლანდიელი გოგონა".
წიგნი მკითხველისათვის უკვე ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.