დიდი ბრიტანეთი

Sunday Times-ის მიხედვით სოლსბერი, სადაც სკრიპალი მოწამლეს, ბრიტანეთში საცხოვრებლად საუკეთესოა

Reuters

გაზეთმა Sunday Times-მა ქალაქი სოლსბერი, სადაც გასულ წელს ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი რუსული ქიმიური აირაღით მოწამლეს, ბრიტანეთში საცხოვრებლად საუკეთესო ადგილად დაასახელა.

მათ გადაწყვეტილება კრიმინალის დონის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, კერძო საკუთრების ფასის და სხვა სტატისტიკის მიხედვით მიიღეს. გარდა ამისა გაითვალისწინეს პეიზაჟის მომხიბლაობა, კულტურა და მოსახლეობის დამოკიდებულებაც.

გაზეთში ქალაქს "ღვთაებრივად მიმზიდველი" უწოდეს, რომელიც შუა საუკუნეების კათედრალით, მეგობრული ატმოსფეროთი და კარგი ინფრასტრუქტურითაა ცნობილი.

"რა გამოწვევის წინაშეც არ დამდგარა ეს ქალაქი, იქნება ეს კელტები, ვიკინგები თუ ნოვიჩოკით მოწამვლა, ის გამარჯვებული გამოვიდა." ვკითხულობთ გაზეთში.

გაზეთის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ამავე მომწამლავი ნივთიერებით 2 ბრიტანელი გარდაიცვალა, ქალაქში ტურისტები დაბრუნდნენ და ის იტალიური რესტორანიც გაიხსნა, რომელსაც სკრიპალები მოწამვლამდე ეწვივნენ.

შეგახსენებთ, რომ სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

მაისში, 2-თვეზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს.

ივლისში უილტშირში, სოლსბერისთან ახლოს, ორი ადამიანი ასევე ნოვიჩოკით მოიწამლა. მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

მიუხედავად იმისა, რომ მოწამვლაში მთავარი ეჭვმიტანილები GRU-ს აგენტები არიან, რუსეთი ორივე ფაქტთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

კომენტარები